საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას 20 ივნისს, გლაზგოში, შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს.
ჯგუფის ლიდერთან მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა მატჩის მასპინძელ ჰემპდენ პარკზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ვარჯიშის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გუნდის კაპიტან გურამ კაშიასთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა.
💬 ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “კვიპროსთან ჩვენც და გულშემატკივარიც მეტს ელოდა, თუმცა მთავარი გამარჯვება და მოპოვებული 3 ქულაა. ალბათ ნახეთ საფრანგეთისა და გიბრალტარის მატჩი. საფრანგეთის ნაკრებს კარგად არ უთამაშია, თუმცა გამარჯვებით ყველა ბედნიერია. დაახლოებით 20 თვეა ოფიციალური თამაში არ წაგვიგია. ყოველთვის კარგად ვერ ითამაშებ, თუმცა როდესაც კარგ მატჩს არ ატარებს და ქულებს აგროვებს, კარგის ნიშანია. მომეწონა ჩემი ფეხბურთელების ხასიათი ბოლო წუთებში. არ დანებდნენ და სწორედ ამიტომ ვართ კმაყოფილები შედეგით.
ვფიქრობ, კვიპროსში გარკვეული ხარვეზი ის იყო, რომ შემტევი ფეხბურთელები დაცვას საკმარისად არ ეხმარებოდნენ, რამაც ბალანსის დარღვევა გამოიწვია. შემადგენლობა ძალიან შემტევი იყო, რამაც დაგვანახა, რომ ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია. ამას შევცვლით, რათა შოტლანდიასთან უფრო კომპაქტურად ვითამაშოთ.
შოტლანდიაში ყოველთვის განსაკუთრებული საფეხბურთო ატმოსფეროა. აქ ნაკრებთან ერთად და საკლუბო დონეზე მითამაშია, თუმცა წარსულს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მეც და ჩემი მოთამაშეებიც მოუთმენლად ველით განსაკუთრებულ საფეხბურთო გარემოში თამაშს. ვიმედოვნებ, კარგი თამაში გამოვა, რომელშიც ორივე გუნდი კარგად ითამაშებს და გამარჯვება უკეთესს დარჩება.
როდესაც 5-გუნდიან ჯგუფში ჩასატარებელი 8 მატჩიდან საწყის 3 შეხვედრას მოიგებ, საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დასრულების შანსი დიდია. ვულოცავ მეტოქეს ასეთ შედეგს. ვფიქრობ, ხვალინდელ შეხვედრაში შოტლანდიას უფრო დიდი წნეხის ქვეშ მოუწევს თამაში, რადგან საკუთარ კედლებში მათგან მხოლოდ მოგებას ელიან. ჩვენ კი, ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ და წარმოვაჩინოთ ის დადებითი დინამიკა, რომელიც ბოლო პერიოდში გვაქვს. ნორვეგიასთან შეხვედრის ბოლო 10 წუთში გამოჩნდა, რამდენად დიდი რესურსი აქვს შოტლანდიის ნაკრებს. ნორვეგიაში თამაშის შემოტრიალება და გამარჯვების ბოლო წუთებზე მოპოვება ბევრს არ შეუძლია. სწორედ ამიტომ, მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ. თუმცა, აქამდე ჩატარებული ყველა მატჩი უკვე წარსულია და ხვალ ვეცდებით, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ახალი ისტორია დავწეროთ.
საქართველოს ნაკრებს დიდი რესურსი აქვს და ეს არაერთხელ გამოვლინდა. მყავს მოთამაშეები, რომლებსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. ჩვენი მთავარი ამოცანა კონცენტრაციის, დისციპლინის შენარჩუნებაა. ფეხბურთელებს ვენდობი, ვიცი, რომ ყოველთვის აქვთ მოტივაცია გახდნენ უკეთესები, გააცნონ თავი მთელ ევროპას. მათ უყვარს საკუთარი ქვეყანა და ყოველთვის მაქსიმუმი სურთ. ბევრი ოცნება გვაქვს და იმედი მაქვს, რომ გლაზგო ერთ-ერთი ნაწილია იმ გზის, რომელიც ჩვენი ოცნებისკენ მიგვიყვანს.
ყველასთვის ნათელია, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების წამყვანი მოთამაშეა და ასე იქნება ყველა გუნდში, სადაც ითამაშებს. მას ძალიან მაღალი დონის სეზონი ჰქონდა, გამორჩეული მაღალი დონის მატჩებით. ასეთი სეზონის შემდეგ, ივნისში ფეხბურთელებისთვის არ არის მარტივი სანაკრებო შეხვედრების ჩატარება. კვარაცხელია ერთ-ერთი გამორჩეულია ჩვენს გუნდში. როდესაც ლიდერებზე ვსაუბრობთ, ხშირად ეს მხოლოდ შემტევებს ეხებათ, თუმცა ასევე მინდა გამოვყო სხვა პოზიციის ფეხბურთელები. ფეხბურთი გუნდური სპორტია, სადაც მთავარი გუნდური სულისკვეთება და დისციპლინაა. ხვალინდელ შეხვედრაში ფეხბურთელებისგან სწორედ ამას ველოდები.
💬 გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): “ვფიქრობ, რომ დღეს ნაკრებში მყოფ ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკმარისი გამოცდილება აქვთ და არ მგონია, რომ ადგილობრივმა ატმოსფერომ დათრგუნოს ეს მოთამაშეები. მეც და მთელი გუნდი ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს და ველოდებით საინტერესო თამაშს”.
შოტლანდია – საქართველოს მატჩი 20 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, , კვიპროსი)