ეროვნული ლიგის მე-20 ტურის სიმბოლური გუნდი

სამდღიანი XXI ტური დასრულდა. მთავარი მატჩი იყო ქართული “კლასიკო”, რომელშიც თბილისის “დინამო” “ტორპედოს” დაუხვდა და 1:2 დამარცხდა. ქუთათურები სათოფეზე მიუახლოვდნენ ჯერაც ლიდერ გორის “დილას”.

ამ გადასახედიდან, სტივ კინის გუნდი ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად მოსჩანს. თბილისის “დინამო” კი მეექვსე ადგილზეა – იქ, სადაც ჩვენი საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანს არ შეეფერება ყოფნა. 

ევროტურნირებიდან გავარდნის შემდეგ “იბერიამ” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა “სამტრედია”. თბილისური კლუბი მესამე ადგილზეა და, ასე თუ ისე, საჩემპიონო შანსს ინარჩუნებს. თანაც, გუნდმა ევროკამპანიის შემდეგ საკუთარი ძალების ირწმუნა. 

ბათუმის “დინამო” ამ ბოლო დროს ფრეებს დაეჩვია და თუ ასე გაგრძელდა, საქართველოს მოქმედ ჩემპიონს ტიტულის დათმობასთან შეგუება მოუწევს. ანდრეი დემჩენკოს გუნდს ძველებური ნაპერწკალიც აკლია და აღარც შემადგენლობა ჰყავს ძველებურად ღრმა. 

ფოთის “კოლხეთი” კი მშვენივრად თამაშობს კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით. აგერ, “გაგრას” 2:1 მოუგეს. დუბლი მიითვალა ფოთელთა ლიდერმა გიორგი აბუაშვილმა, ვისაც უკვე მე-6 გოლი მოუგროვდა მიმდინარე სეზონში. 

ლიდერით დავასრულოთ. “დილა” თამაშის მიწურულს გატანილი პენალტით იგებდა “თელავთან” საშინაო მატჩში, თუმცა… კომპენსირებულ დროში მოპოვებული უპირატესობა მალევე გაფლანგა და ქულას დასჯერდა. 

გთავაზობთ ეროვნული ლიგის XXI ტურის სიმბოლურ ნაკრებს, რომლის ტაქტიკურ სქემადაც 4-3-3 განლაგება ავირჩიეთ…

მეკარე

ფილიპ კლიაიჩი (ტორპედო, 4) – სწორედ ქუთათურთა სერბი მეკარე გახდა ქართული “კლასიკოს” ორიდან ერთ-ერთი გმირი. მატჩის მიწურულს 11-მეტრიანიდან არ გაატანინა თორნიკე ოქრიაშვილს და თავის გუნდს 3 ქულა დაუბევა.

მცველები

აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი, 2) – ამ ახალგაზრდა მცველს ძალიან წაადგა იტალიაში მიღებული გამოცდილება. “გაგრასთან” შეხვედრაში შესანიშნავად გაისარჯა დაცვაში და ნაყოფიერად ერთვებოდა შეტევებში, რაზეც მის მიერ შესრულებული საგოლე გადაცემაც მეტყველებს. პოზიცია შევუცვალეთ, რაც “კონკურენციითაა” გამოწვეული და უნდა გვაპატიოს.

ანტონ თოლორდავა (თელავი, 2) – ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი. დამაჯერებლად, საიმედოდ ითამაშა “დილასთან” საგარეო მატჩში. მის გარეშე ამ ფორმაციის “თელავის” წარმოდგენა ძალიან რთულია.

ომარ პატარკაციშვილი (სამგურალი) – ტრადიციულად კარგი იყო დაცვის ცენტრში და მეტოქის არაერთი შეტევა ჩაშალა. ბათუმის “დინამოს” შემტევებისთვის წყალტუბოელთა დაცვა გადაულახავ ბარიერად იქცა და ამაში დიდია პატარკაციშვილის წვლილი.

ნიკა კალანდარიშვილი (სამგურალი, 4) – კიდევ ერთი კარგი მატჩი ჩაატარა. ჩვენს ეროვნულ ლიგას ძალიან უხდებიან ასეთი ათლეტური და შეუპოვარი ფეხბურთელები. ბათუმის “დინამოსთან” თამაშში კიდევ ერთხელ გამოჩნდა მისი საუკეთესო თვისებები.

ნახევარდაცვა

გიზო მამაგეიშვილი (იბერია, 2) – “სამტრედიას” კარში მესამე გოლი სწორედ მის დარტყმულს მოჰყვა. მშვენიერი გოლი გამოვიდა და ამის შემდეგ გაირკვა კიდეც გამარჯვებულის ვინაობა ამ წყვილში.

ნიკოლაი ყიფიანი (თელავი) – “დილასთან” შეხვედრაში ყიფიანმა მაშინ გაათანაბრა, როცა მატჩის დასრულებამდე, ფაქტობრივად, აღარაფერი რჩებოდა. მან თორნიკე მორჩილაძის ზუსტი პასის შემდეგ გაიტანა. ეს გოლი სადებიუტო იყო ყიფიანისთვის ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში.

იური ტაბატაძე (იბერია) – “იბერია” მოულოდნელად აგებდა აუტსაიდერ “სამტრედიასთან”, თუმცა თამაში მოატრიალა. ყველაფერი იური ტაბატაძის ზუსტი დარტყმით დაიწყო, ვინც გიორგი კოხრეიძის პასის შემდეგ შეაგდო.

თავდასხმა

მომო იანსანე (ტორპედო, 2) – ქუთაისში უკვე ჰყავთ ახალი გმირი. გვინეელმა შემტევმა დუბლი შეასრულა თბილისის “დინამოსთან” მატჩში. როცა ეს ტრანსფერი გაოფიციალურდა, “ტორპედოს” არჩევანი მოვუწონეთ. ჩემპიონთა ლიგაში გამობრძმედილი ფორვარდი კიდევ ბევრს გაიტანს ეროვნულ ლიგაში.

ირაკლი სიხარულიძე (იბერია) – შეცვლაზე შევიდა “სამტრედიასთან” შეხვედრაში და მეორე გოლი სწორედ მან შეაგდო, რითაც წინ გაიყვანა თავისიანები. გამოცდილი ცენტრფორვარდი, ვისაც ნებისმიერ წამს შეუძლია გატანა გოლის ჩინებული ალღოს წყალობით.

გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი, 4) – თავისი თაობის ერთ-ერთი ლიდერი, ვინც ახლა იბრუნებს ოპტიმალურ ფორმას. დუბლი შეასრულა “გაგრასთან” მატჩში. თანაც, ორივე გოლი მშვენიერი გამოვიდა, განსაკუთრებით – პირველი. გვგონია, რომ მეტი შეუძლია.

მწვრთნელი

სტივ კინი (ტორპედო, 2) – მართალია, კინაღამ ვერ მოიგო უმნიშვნელოვანესი ჯახი თბილისის “დინამოსთან”, მაგრამ საბოლოოდ “ტორპედომ” მაინც აიღო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა. ფაქტია, ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ, “ტორპედომ” გარდაქმნა თამაში. ამ დროისთვის ეროვნული ლიგის მთავარი ფავორიტია, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ადგილზეა.

lelo.ge