საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისა და ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი რუსთავში, სპორტის ახალ სასახლეში დაიწყო. აღნიშნული ტურნირი 2002 წლიდან ტარდება და წლევანდელი გათამაშება რიგით 23-ეა, რომელშიც 12 გუნდი მონაწილეობს. სუპერლიგის 11 გუნდთან მემორიალში მონაწილეობს “რუსთავი 1991”, რომელიც არსებობის მანძილზე პირველად თამაშობს “ა” ლიგაში, სადაც წინა სეზონში, ბოლო ადგილის დაკავების გამო დაქვეითდა.
მოგეხსენებათ, ტურნირის მონაწილე გუნდი 4 ჯგუფშია გადანაწილებული და ნახევარფინალში თითოეულიდან საუკეთესო გავა. პირველი ტურის თამაშები საკმაოდ საინტერესო გამოდგა. თითოეულ ჯგუფში თითო შეხვედრა ჩატარდა, შესაბამისად, 4 გუნდი ისვენებდა. დამკვიდრებული ტრადიციით, დუდუს თასი გახლავთ სუპერლიგისთვის მოსამზადებელი, რომელშიც გუნდები მეტოქეებზე არანაკლებად საკუთარი გუნდის ახალ შემადგენლობას აკვირდებიან – ვინ როგორ ფორმაშია, რომელ რგოლში რა ხარვეზია, სად მართებთ გაძლიერება და ასე შემდეგ…
პირველი შეხვედრა D ჯგუფის გახლდათ, რომელშიც ერთმანეთს გურჯაანის “დელტა” და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დაუპირისპირდნენ.
D ჯგუფი
გურჯაანის დელტა vs თსუ
სტატისტიკა: 88:94
ორივე გუნდი ტრადიციულად ამბიციურია, თუმცა გასულ სეზონში საწადელს ვერც ერთმა მიაღწია. ორივე მათგანი სუპერლიგის პლეი ოფიდან კავკასიამ გამოთიშა – თსუ მეოთხედფინალიდან, ხოლო გურჯაანი ნახევარფინალიდან. თსუ, რომელიც წინა სეზონში მოქმედი ჩემპიონი იყო. მხოლოდ თასის მოგებას დასჯერდა, საჩემპიონო ამბიციების მქონე გურჯაანის დელტამ კი ვერც ერთი ტურნირი ვერ მოიგო.
წინა სეზონთან შედარებით შემადგენლობა გაიძლიერესო, ვერ ვიტყვით, თუმცა თსუ-ს საკმაოდ საინტერესო, გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეებისგან შერწყმული გუნდი ჰყავს. საინტერესოა, რომ თსუ-ში ჯერ არც ერთი ლეგიონერი არაა და მათი დამატების შემდეგ ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი საკმაოდ ამბიციური იქნება.
დუდუ დადიანის სადებიუტო შეხვედრაში საკმაოდ საინტერესო ბრძოლა ბოლო წუთებამდე გაგრძელდა. გამოცდილი მწვრთნელის, ირაკლი ხოშტარიას ხელმძღვანელობით გურჯაანელები ჩამორჩენას ამცირებდნენ და რამდენჯერმე წინაც გავიდნენ. საბოლოოდ ყველაფერი მაინც თსუ-ს გამარჯვებით დასრულდა, სადაც ეროვნული ნაკრების წევრი ალექსანდრე ფევაძე 31 ქულითა და 11 მოხსნით გამოირჩა. თსუ ბოლო წლებში სწორედ ნაკრების მოთამაშეებით იყვნენ გამორჩეულნი და ჩვეულებას არც ამჯერად უღალატეს – შეინარჩუნეს ფევაძე და გიორგი ცინცაძე, ხოლო შეიმატეს ოთარ ფხაკაძე და ნიკოლოზ გაფრინდაშვილი.
ამ ჯგუფში მესამე მონაწილე ტყიბულის ორბია, რომელიც მეორე ტურში დელტას ეთამაშება, თსუ კი დაისვენებს.
A ჯგუფი
ვსა vs ბათუმი
სტატისტიკა: 82:66
სუპერლიგის დებიუტანტმა ვსა-მ სტაჟიანი და დიდი ისტორიის მქონე გუნდი “ბათუმი” გაანადგურა. ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდმა “ა” ლიგის მოგებით სუპერლიგის საგზური მოიპოვა და მისთვის მოსამზადებლად დამკვიდრებული დუდუ დადიანის მემორიალი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. ბათუმელებს დიდი საკალათბურთო ისტორია უმაგრებთ ზურგს – მიმდინარე საუკუნის დასაწყისში ზღვისპირელები საქართველოს სამგზის ჩემპიონები არიან, თუმცა ბოლო ათწლეულებში, აჭარის დედაქალაქის ტურისტულ-ეკონომიურად ზრდა და მდიდრულად მორთვა-მოკაზმვა მის საკალათბურთო გუნდზე ვერანაირად ვერ აისახა. ბათუმი რჩება საშუალო გუნდად, რომელიც ხან სუპერლიგაში დასარჩენად იბრძვის, ხანაც, თუ ლეგიონერებში გაუმართლებს, ოთხეულში გასვლის კანდიდატია და ბოლო ათწლეულებში ეს 1-2-ჯერ თუ მოახერხა. გუნდი, რომელიც ქვეყნის სავიზიტო ბარათად ქცეულ და ტურისტულ-ეკონომიურად მოწინავე ქალაქს წარმოადგენს, მეტი ამბიციისა და გაქანების გუნდს იმსახურებს – იქნება ეს კალათბურთი, ფეხბურთი თუ სპორტის ნებისმიერი სახეობა.
ვსა-მ ისე მოუგო სუპერლიგის ერთ-ერთ ყველაზე სტაჟიან გუნდს, რომ შანსი არ დაუტოვა. სხვათა შორის, ვსა-მ ბათუმი წინა სეზონშიც დაამარცხა, როცა “ა” ლიგაში თამაშობდა და სუპერლიგის გუნდს თასის გათამაშებაში შეხვდა. 2 მატჩის ჯამში თამაში ფრედ დასრულდა და ბათუმელებმა ნახევარფინალში გასვლა ოვერტაიმიდან მოახერხეს.
რა თქმა უნდა, ბათუმში მოხდება ცვლილებები და გუნდი აუცილებლად გაძლიერდება, მაგრამ საფუძველი, რომელზეც ამბიციური გუნდი დაშენდება, ვსა-სთან მატჩში ვერ დავინახეთ. სუპერლიგაში გუნდის ძლიერება მის ადგილობრივ მოთამაშეებზეა დაფუძნებული – ვისაც ყველაზე მეტი და ყოჩაღი ქართველი მოთამაშე ჰყავს, ისაა ფავორიტი. ეს იმიტომ, რომ ბოლო წლებში ნაჩვენებმა პრაქტიკამ ცხადყო, რომ ლეგიონერთა დონე საქართველოში თანაბარია. გამორჩეულად კარგი უცხოელი სუპერლიგაში იშვიათობაა, რადგან სატრანსფერო ბაზარზე მოთამაშეებს ყველა დაახლოებით თანაბარი ფინანსური კატეგორიიდან ირჩევს. ქართველი მოთამაშეები ყველა განაწილებულია და გუნდი, რომელსაც გაძლიერება უნდა, მხოლოდ ლეგიონერების ჩამოყვანის იმედზე თუ იქნება.
ქება და ქება ვსა-ს გამთამაშებელ ჯერმეინ ჰედს, რომელიც 2 სეზონი “ა” ლიგაში ამტკიცებდა თავის შესაძლებლობებს და მართლაც შესძლებია სუპერლიგის დონეზე თამაში. 2 წლის წინ ჰედმა “ა”-დან სუპერლიგაში გორის ივერიონი აღაზევა, მაგრამ შიდაქართლელებმა ის გუნდში არ დაიტოვეს. ჰედმა მომდევნო სეზონში ვსა-ს ულიდერა და სუპერლიგაში გადასულმა გუნდმა ის ძირითად გამთამაშებლად დაიტოვა. ჰედი ბათუმთან საუკეთესო იყო 18 ქულით, 6 პასით, 5 ჩაჭრითა და 3 მოხსნით. საკმაოდ კარგები არიან აკადემიელთა სხვა ლეგიონერებიც – ჰავიერ ჰილ-მეისი და შაქუან ჯულსი.