გვახსოვს ჯადოსნური 6 სექტემბერი, შოუ უნდა გაგრძელდეს!

2018 წლის 6 სექტემბერი არასოდეს დამავიწყდება. მაშინ საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ყაზახეთში ვიყავი მივლინებით. იწყებოდა ჩვენთვის და მთელი საფეხბურთო ევროპისთვის სრულიად ახალი ტურნირი – ერთა ლიგა. 

აბა, მაშინ რა ვიცოდით, თუ ეს ახალი შეჯიბრება დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში უდიდეს სიხარულს მოგვიტანდა, მაგრამ გამარჯვების იმედი კი გვქონდა კერკეტ მასპინძლებთან… 

სიმართლე ითქვას, პირადად ჩემთვის ამ შეხვედრას დამატებითი ინტრიგაც ჰქონდა: ძალიან მინდოდა, მენახა გიორგი ჩაკვეტაძის თამაში ესოდენ მნიშვნელოვან მატჩში. თბილისის “დინამოში”, რომელსაც მაშინ კახა კაჭარავა წვრთნიდა, და მერეც, ბელგიურ “გენტშიც”, ამ ბიჭის გარჯა ხვალინდელი დღის დიდ იმედს მაძლევდა…

თუ საქართველოში სექტემბერი თბილი და მეტწილად უნალექო თვეა, ყაზახეთის მთავარქალაქი ასტანა მოღუშული ამინდით შემოგვეფეთა. წინასამატჩო ამბებამდე გვარიანი დრო იყო დარჩენილი, მაგრამ სასტუმროში წასვლას “ასტანა არენაზე” დარჩენა ვარჩიე.

ვარჩიე და არც შევმცდარვარ: ჩემი ძველი ნაცნობი ორი ყაზახი ჟურნალისტი ვნახე, ინტერტოტოს თასის გათამაშებას რომ აშუწებდნენ კაი გვარიანი ხნის უკან ყაზახურსავე კუსტანაიში, სადაც “ზესტაფონი” სტუმრად ეთამაშა “ტობოლს”.

ამ მთისა ვთქვით, იმ ბარისა და ბოლოს საქართველოს ნაკრებზე ჩამომიგდეს სიტყვა. ძირითადად ჩვენს იმ ლეგიონერებზე მთხოვეს მოყოლა, მაშინ კარგად რომ იცნობდა პოსტსაბჭოთა სივრცე. მახსოვს, განსაკუთრებით საბა კვირკველია იყო პოპულარული – მოსკოვის “ლოკომოტივის” ცენტრალური მცველი, რომელიც მაშინ მართლაც დიდებულ ფორმაში გახლდათ.

ჩემი ყაზახი მეგობრების კითხვებს დელიკატურად ვუპასუხე, თან მღელვარებაც დამდევდა – უნებურად, ემანდ, რაიმე საფეხბურთო საიდუმლოება, მეტოქისათვის ძვირფასი ინფორმაცია არ გავთქვა-მექთი და ზედაპირულად მოვყევი რაღაცები, მერე კი ერთ-ერთ იქაურ ტელევიზიას ინტერვიუც მივეცი…

დამთავრდა ეს ყველაფერი, პირველი ასტანური შთაბეჭდილებების დასაწერად ვემზადები და… ბოდიშით, კიდევ ერთი კითხვით უნდა შეგაწუხოთო, – მორიდებით მითხრა ჩემთვის იქამდე უცნობმა ყაზახმა კოლეგამ. საქართველოს ნაკრებში პერპექტიული ფეხბურთელები თუ არიან – ისეთები, ხვალინდელ მატჩში გამორჩევით რომ უნდა დავაკვირდეთო?

სიმართლე გითხრათ, წერის დაწყება მეჩქარებოდა. იმავე საიტისთვის, რომელზეც მკითხველი ამ წერილს იხილავს, ასტანადან ჩემი პირველი შთაბეჭდილებები უნდა მომეთხრო. სწრაფად მივუგე, გიორგი ჩაკვეტაძეს დააკვირდით-მეთქი.

ცოდვა ყოველთვის გამხელილი ჯობია – ღამის ასტანა რომ დავათვალიერე, თამაშის დღის ემოციებმაც რომ გადამძალა, სულ დამავიწყდა ის ჩემი ნათქვამი. ყაზახეთთან იმ მატჩში რა და როგორ აკეთა მინდორზე ჩაკვეტაძემ, ეს, წესით, ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს უნდა ახსოვდეს…

თამაში მთავრდება და ზუსტად ის ყაზახი ჟურნალისტი მოდის ჩემთან, რომელსაც წინა დღეს ჩაკვეტაძეზე მივუთითე, და პირდაპირ მეუბნება: “იცით, ყმაწვილო, მე 45 წელია ამ საქმეში ვარ, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ყველა მატჩი მინახავს და უნდა გითხრათ, რომ ეს ბიჭი დიდი ვარსკვლავი გახდება”.

ძალიან, ძალიან მესიამოვნა იმ ღვაწლმოსილი ყაზახი კალმოსნის ნათქვამი. ძალიან მიყვარდა და მიყვარს გიორგი ჩაკვეტაძის ფეხბურთიც. გემოვნებაზე არ დავობენ: ჩემს საფეხბურთო გემოვნებაში, გიორგი ქინქლაძის შემდეგ, არავის დაუტოვებია ამხელა ესთეტიური კვალი.

მაშინ, სექტემბრის იმ ღრუბლიან და ალაგ-ალაგ წვიმიან დღესაც, 100 პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ ქართულ ფეხბურთს ახალი დიდი ვარსკვლავე გამოუჩნდა, ვისაც წლების განმავლობაში უნდა გადავეყვანეთ ჭკუიდან…

მას შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ ფეხბურთში ყველაფერი ნახა და ზოგჯერ ისეთებიც, რაც, უმჯობესია, ფეხბურთელმა საერთოდ არ ნახოს. ახლა კითხვა ასე დავსვათ: იქცა კი ის ამ დროისათვის იმ ყალიბის, იმ დონის ვარსკვლავად, რასაც ველოდით და ველოდებით დღესაც?