ლიეტუვა 0:2 საქართველო 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლიეტუვის ნაკრები დაამარცხა. კაუნასში ჩატარებული ამხანაგური მატჩი ჩვენმა გუნდმა ორბურთიანი უპირატესობით მოიგო — 0:2.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, შესვენების შემდეგ კი გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა. 70-ე წუთზე ჩვენი გუნდის შემტევმა 11-მეტრიანი გაიტანა, 84-ე წუთზე კი ნიკა გაგნიძის პასით დააფიქსირა საბოლოო ანგარიში. 

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში გამართავს. 2 ივნისს, თბილისში, ჩვენი გუნდის მეტოქე რუმინეთის ნაკრები იქნება.

ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ჩვენი თამაშიდან გამომდინარე, გამარჯვება ლოგიკური იყო. დღევანდელი შეხვედრის გათვალისწინებით, ისრაელთან 2:2-იც კიდევ უფრო საინტერესო ხდება.

ვფიქრობ, მარტში რამდენიმე კარგი რამ ვაჩვენეთ. მაგრამ ისიც ვიცით, რომ გასაუმჯობესებელი კიდევ ბევრია, თუ გვინდა, რომ შემოდგომაზე ერთა ლიგის მატჩები მაღალ დონეზე ჩავატაროთ. ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვის არის — რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი შესაძლებლობები შეტევაში, დაცვაში და გუნდურ თამაშის მხრივ. 

მეორე ტაიმში ძალიან მომეწონა კვარაცხელიას თამაში. ის იყო ნამდვილი კაპიტანი და ლიდერი. ვფიქრობ, გუნდმაც ბევრი დადებითი მიიღო მისი ასეთი თამაშით. ძალიან პოზიტიურია, როდესაც კვარაცხელია, მიქაუტაძე და სხვა ფეხბურთელები, რომლებიც დიდ ევროპულ კლუბებში თამაშობენ, ლიდერობას საკუთარ თავზე იღებენ. ეს ნიშნავს, რომ გუნდში კარგი გარემოა და ფეხბურთელებს გუნდურად მუშაობის სურვილი აქვთ.

მარტში ჩატარებული ორი მატჩიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა. მაგრამ ვიცით, რომ თამაშის გარკვეული ასპექტები ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელია”.