საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა. საბერძნეთის ნაკრებთან გამართული უხვგოლიანი შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა – 2:3.
ჯგუფის გამარჯვებულ ნაკრებთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ორი გოლი სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ გაიტანა. პირველ შემთხვევაში, ლიზი მწყერაშვილის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ბერძენთა მცველმა მარინა თეოდორაკიმ ჩაჭრა და ანგარიში 1:1 გახდა. ჩვენი გუნდის მეორე გოლიც მწყერაშვილის ჩაწოდებას მოყვა, როდესაც მარიამ კალანდაძესთან ორთაბრძოლის დროს ეფთიმია ბრამემ გაიტანა საკუთარ კარში და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
მატჩის დასკვნით ნაწილში ირის ანტმანის გუნდს გათანაბრების რამდენიმე კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
საბერძნეთთან შეხვერაში სადებიუტო სანაკრებო მატჩი ჩაატარა 15 წლის თეკლა ბერიძემ, რომელიც თამშში 76-ე წუთზე ჩაერთო.
ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ამ შეკრების ორივე მატჩში ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, მათ შორის მესამე თამაშშიც, რომელიც სტუმრად, ფარერის კუნძულებზე ჩავატარეთ. სამწუხაროდ, ამ საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ყველაზე შესაფერისი სიტყვა „უიღბლობაა“.
ჩვენი გულშემატკივრების წინაშე, საკუთარ მოედანზე, ყველამ აჩვენა, რომ ამ გუნდს, პირველ რიგში, ძლიერი მენტალიტეტი აქვს. ვფიქრობ, მთელი საკვალიფიკაციო ეტაპის განმავლობაში ეს ნათლად გამოჩნდა და სწორედ ამით უნდა ვიამაყოთ.
დიახ, ფეხბურთში ყოველთვის შედეგებზე ვსაუბრობთ, მაგრამ დღეს ვიხილეთ ბევრი ფეხბურთელი, რომლებმაც პირველად მიიღო ასეთი შანსი. ვფიქრობ, შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის. აქედან გამომდიანრე, იმ იმედით უნდა დაველოდოთ მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპის, რომ ამჯერად უფრო მეტად გაგვიმართლებს”.