გიორგი მერებაშვილი: “უკანა ხაზში გვჭირდება ისეთი ლიდერი, როგორიც გურამ კაშია იყო”!

საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ ამხანაგურ მატჩებს აფასებს გიორგი მერებაშვილი – ჩვენი ქვეყნის პირველი გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, ვინც უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები სამწვრთნელო ასპარეზზე. გიორგის პოლონეთში დავუკავშირდით… 

გარკვეული პრობლემები იყო, მაგრამ ეს არ მიკვირს…

– ძირითადად რუმინეთთან მატჩზე ვისაუბრებ. ცხადია, ჩვენი მეტოქე სულაც არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი. იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ ამ ეტაპზე ეს საერთოდ არ მიკვირს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ამხანაგური შეხვედრა იყო და ვილი სანიოლმა გამოსცადა არაერთი ახალი ფეხბურთელი, თამაშის მსვლელობისას ბევრ შეცვლას მიმართა.

სწორედ ამისთვისაა ამხანაგური თამაშები. აქ უნდა გამოსცადო ვარიანტები და მერე უნდა აარჩიო საუკეთესო მათ შორის, რომ გამოიყენო ოფიციალურ თამაშებში. გასაგებია, თამაშის ხარისხი არ იყო იდეალური, ისეთი, ყველას რომ გვინდა და გვაკმაყოფილებს, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რაც ზემოთ ვთქვი.

აი, ოფიციალურ შეხვედრებში, ერთა ლიგაზე კი საქართველოს ნაკრები უკეთესად ითამაშებს. ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ რუმინეთთან შეხვედრაში არაერთი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა, გიორგი ჩაკვეტაძე პირველი ტაიმის ბოლოს დაგვიშავდა. ბაჰრეინთან ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშა და ერთხელაც დაამტკიცა, რომ განსაკუთრებული ფეხბურთელია.

ფეხბურთი ძალიან სპეციფიკური სპორტია, არაერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია. როცა შენ შანსს აძლევ ამდენ ახალ ფეხბურთელს, გინდა თუ არა, წარმოიშობა შეთამაშების პრობლემა. მინდორზე ყველა მილიმეტრს მნიშვნელობა აქვს. სად გაიქცე, რა დროს გაიხსნა – პარტნიორს ბოლომდე უნდა გრძნობდე. ეს ამ ფეხბურთელებს აუცილებლად გამოუვათ, უკეთ შეთამაშდებიან.

ჩვენს ნაკრებში ახლა თაობათა ცვლა მიმდინარეობს. ეს პროცესი უნდა გავიაროთ, ვერ გადავახტებით. ნაკრები არაა კლუბი, რომ როცა ვიღაც წავა, ეგრევე სხვა, უკეთესი იყიდო. აქ გეგმაზომიერი მუშაობაა საჭირო. შეიძლება, თაობათა ცვლის პროცესში მიიღო იდეალური შედეგი, ან ცოტა ლოდინი დაგჭირდეს.

როცა ფეხბურთს კარს უკნიდან უყურებ…

– ჩემთვის ცოტა რთულია გარედან შეფასება, მაგრამ მაინც შევეცდები. თავადაც დამეთანხმებით, გამოცდილი გექნებათ – ერთია, როცა ფეხბურთს კარს უკნიდან უყურებ, და მეორეა, როცა ცენტრის ხაზთან ახლოს ხარ განლაგებული. კარს უკნიდან გაცილებით უკეთესად ჩანს სათამაშო მონახაზი, გუნდების მიერ გათამაშებული კომბინაციები.

რატომ მოვიყვანე ახლა ეს მაგალითი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებში ასპარეზობა დაასრულა გურამ კაშიამ. მას მინდა მადლობა გადავუხადო ყოველივე იმისთვის, რაც გააკეთა. ისევ იმას დავუბრუნდები, რითაც დავიწყე. მეკარე და მცველები უკნიდან ყველაზე უკეთესად ხედავენ მინდორზე მიმდინარე პროცესებს.

წინა ხაზში ლიდერები ჩვენ ნამდვილად არ გვაკლია. ბოლოს და ბოლოს, გვყავს ხვიჩა კვარაცხელია და ამით ყველაფერი ნათქვამია. იგივე გიორგი მიქაუტაძე. აუცილებელია, დაცვის ხაზშიც გამოჩნდეს ასეთივე ლიდერი, რომელიც უკარნახებს, ილაპარაკებს, შეაფასებს მოვლენებს.

მე ვიცნობ გიორგი მამარდაშვილს და ამის მჯერა…

– გიორგი მამარდაშვილის თაობაზე რა შეიძლება ითქვას? ორი აზრი არ არის, ფეხბურთელი თუ არ თამაშობს, ის ვერ იქნება ოპტიმალურ ფორმაში. ეს იმის მიუხედავად, რამდენი და როგორი კარგი ხარისხითაც უნდა ივარჯიშოს. ერთი თამაში უკეთესია ფეხბურთელისათვის, ვიდრე არაერთი ვარჯიში.

როცა ფეხბურთელი სისტემატურად თამაშობს, ის შეუვდომლად გრძნობს თამაშის რიტმს. გასაგებია, რომ გიორგის რუმინეთთან შეხვედრაში აკლდა თავდაჯერება, მაგრამ ეს მხოლოდ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობიდან გამომდინარეობდა. აქ სხვა პრობლემა, უბრალოდ, არ არსებობს.

უდიდესი წნეხია პირველი სეზონი ისეთ დიდ გუნდში, როგორიცაა “ლივერპული”. მე კარგად ვიცნობ გიორგი მამარდაშვილს და ბოლომდე მჯერა, რომ ძალიან მალე ის ყველაფერ ამას დაძლევს. მან იცის, როგორ გაუმკლავდეს წნეხს, რთულ სიტუაციებს. ეს დაამტკიცა მან “ვალენსიაში”, მთელი მისი კარიერა სწორედ ამის ნათელი მაგალითია.

ახლები ნაკრებს კიდევ უფრო გააძლიერებენ!

– ძალიან დიდი იმედითა და მოლოდინით ვუყურებ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ახალი ფეხბურთელების ინტეგრაციას. ირაკლი ეგოიანი, გიორგი კვერნაძე… არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. მჯერა, ეს ფეხბურთელები კიდევ უფრო გააძლიერებენ და კონკურენტუნარიანს გახდიან ჩვენს გუნდს.

ცხადია, ახალ ფეხბურთელებს ძალიან ბევრი მუშაობა მოუწევთ საიმისოდ, რომ ბოლომდე ჩაჯდნენ ნაკრებში, მაგრამ მათ ამის პოტენციალიც აქვთ და სურვილიც. ერთია საკლუბო კარიერა და მეორეა ნაკრები, სადაც კიდევ მეტი მოტივაცია გჭირდება, კიდევ მეტი მონდომება. დარწმუნებული ვარ, ეს მათაც მშვენივრად იციან.

ვინმეს ეს რომ ეთქვა, ფეხბურთის ცოდნაში ორიანს დავუწერდით…

– ცხადია, რთული და კონკურენტუნარიანია ერთა ლიგაზე ჩვენი ჯგუფი. მე იმედიანად ვარ. ახლა კი არა, მაშინაც ოპტიმისტი ვიყავი, როცა თითქოს შუქიც კი არ ჩანდა გვირაბის ბოლოს. შანსი ყოველთვის არის. დღევანდელი ფეხბურთი იმითაცაა უნიკალური, რომ დონე არნახულად გათანაბრდა.

ცოტა ხნის წინ წინ ვინმეს რომ ეთქვა, იტალიის ნაკრები ზედიზედ სამჯერ ვერ გავა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეო, ხომ ყველა დასცინებდა? ვეტყოდით – “ორიანი” შენ ფეხბურთის ცოდნაში, დაჯექი-თქო (იცინის). ახლა ეს დრო მოვიდა.

დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ კონკრეტული ტურნირისთვის მოემზადო მაქსიმალურად კარგად. გარდა ამისა, უნდა ავცდეთ საკადრო პრობლემებსაც, რადგან ჩვენი საფეხბურთო რესურსი უკლევი ნამდვილად არ არის.

სიმართლე გითხრათ, ველოდი, ევროპის ჩემპიონატზე გასვლისა და იქ კარგი ასპარეზობის შემდეგ საქართველოს ნაკრებს გარკვეული ჩავარდნა რომ ექნებოდა. ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც ხშირად ხდება ასე – წარმატებას ცოტა წარუმატებლობაც მოჰყვება ხოლმე.

უკვე ჩანს იმის ნიშნები, რომ ეს ჩავარდნა დაძლეულია. ცხადია, ამას უკეთ ისინი იგრძნობენ, ვინც ნაკრებშია და შიგნიდან ხედავს სიტუაციას. ჩვენ ახლა ისეთი თაობა გვყავს, წარმატების იმედი უნდა გვქონდეს!