ყველაზე უხვგოლიანი მატჩი მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. ყველაზე დიდი სხვაობა და პირველი ჰეთ-თრიქიც – დილამ 6:1 დაამარცხა თელავი.
გორელებმა პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთში სამჯერ გაიტანეს. ჯერ ირაკლი ბუღრიძემ ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში, მერე კი შოთა შეყილაძემ ორჯერ გამოიყენა ოთარ ფარულავას პასი.
დაიწყო მეორე ნახევარი და შეყილაძემ 51-ე წუთზე მახვილი კუთხიდან გარე ტერფით 4:0 გახადა ანგარიში. ჰეთ-თრიქი. მალევე, ჟოაო არაუჟომ თავურით კიდევ უფრო გაზარდა სხვაობა.
67-ე წუთზე კი ვნახეთ თელავის მაგარი გოლი. 17 წლის დავით კუტალიამ პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია… კუტალიას დებიუტი ჰქონდა, მხოლოდ 8 წუთის შესული იყო მინდორზე და ასეთი კარგი გოლით დაიწყო.
თუმცა დილამ მერე აღადგინა ხუთბურთიანი სხვაობა, კერძოდ, ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა პენალტი გამოიყენა.