საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში სომხეთის ნაკრებს 6:1 სძლია.
მატჩი ჩვენი გუნდის შეტევებით დაიწყო და მე-4 წუთზე, ოთარ კიტეიშვილის დარტყმის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში ვარაზდატ ჰაროიანმა საკუთარ კარში ჩაჭრა. მე-14 წუთზე, ქოჩორაშვილის პასით გიორგი მიქაუტაძემ ორამდე გაზარდა მასპინძელთა უპირატესობა, ხოლო 23-ე წუთზე, ჩაკვეტაძემ გაიტანა მიქაუტაძის პასით. 27-ე წუთზე, სტუმართა კარში მეოთხე გოლი ოთარ კიტეიშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას პასით გაიტანა, ტაიმის საბოლოო ანგარიში კი, გიორგი მიქაუტაძემ 35-ე წუთზე დააფიქსირა. მეორე ტაიმის დასაწყისში, სომხეთის სასარგებლოდ გოლი ედგარ სევიკიანმა გაიტანა, 62-ე წუთზე კი, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა შეხვედრის ბოლო გოლი.
ორი მატჩის ჯამში, საქართველოს ნაკრებმა სომხეთს 9:1 სძლია და ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონში კვლავ B დივიზიონში იასპარეზებს.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მნიშვნელოვანი იყო ამ თამაშების მოგება და B ლიგაში დარჩენა, რადგან მხოლოდ ძლიერ ნაკრებებთან თამაშით შეგვიძლია გავაგრძელოთ განვითარება. კმაყოფილი ვარ პირველი ტაიმით, სადაც მაღალი ინტენსივობით ვითამაშეთ, მათ შორის თავდასხმაში. მეორე ტაიმი განსხვავებული იყო, რთული იყო 5:0-ის შემდეგ ინტენსივობის შენარჩუნება. ბევრი ცვლილება განვახორციელეთ და საინტერესო იყო მოედანზე შემოსული ფეხბურთელების ხილვა.
გიორგი მიქაუტაძე ჯერ კიდევ ახალგაზრდა მოთამაშეა და იმედი მაქვს, მომავალში კიდევ უფრო უკეთ ითამაშებს. ვფიქრობ, ასეც იქნება, როდესაც საკლუბო დონეზე მეტი სათამაშო დრო ექნება. ევროპის ჩემპიონატმა მას დიდი თავდაჯერება მისცა.
რთულია იმის თქმა, დავუბრუნდებით თუ არა 3 ცენტრალური მცველით თამაშს. ამ ტაქტიკაზე გადასვლის გადაწყვეტილება 3-4 წლის წინ მივიღეთ. მაგ პერიოდის შემადგენლობიდან გამომდინარე, ეს საუკეთესო არჩევანი იყო და ამან შედეგი მოგვიტანა, ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე. ახლა, გვყავს ლუკა ლოჩოშვილი და საბა გოგლიჩიძე, რომელთაც იტალიაში სათამაშო პრაქტიკა აქვთ. განსხვავებული ტიპის მოთამაშეები არიან და უფრო მეტი დინამიკა ახასიათებთ. ეს შესაძლებლობას გვაძლევს ვითამაშოთ განსხვავებული დაცვის ხაზით. ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, როგორ ვითამაშებთ სექტემბერში. თუმცა, რამდენიმე სათამაშო სქემის გამოყენება მეტ შესაძლებლობას გვაძლევს თამაშისთვის მოსამზადებლად. ეს კარგია ჩვენთვის და მომავალში უფრო მეტად გაგვაძლიერებს”.