ვილი სანიოლის და ალექსანდრე იაშვილი პრესკონფერენცია

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას 1 სექტემბრიდან დაიწყებს. 

4 სექტემბერს, ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 7 სექტემბერს – ბულგარეთს. ორივე მატჩი დინამო არენაზე გაიმართება. 

29 აგვისტოს, შეკრების დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ტრადიციული პრესკონფერენცია სასტუმრო პარაგრაფში გამართეს. 

პრესკონფერენციის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ნიკა კვეკვესკირმა კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. კვეკვესკირი მუშაობას ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბში გააგრძელებს. 

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “როგორც არაერთხელ მითქვამს, მთავარი არა შედეგი, არამედ ის არის, თუ რისი გაკეთება და შექმნა გვსურს მოახლოებულ მატჩებში. ბოლო წელიწადნახევარმა თავდაჯერება და ძალა შეგვმატა. როგორც არ უნდა ითამაშოს და რა ამბიციაც არ უნდა ჰქონდეს თურქეთს, სახლში, ჩვენს სტადიონზე ვთამაშობთ და დომინანტური თამაში უნდა ვაჩვენოთ. ყველაფრის გაკეთება უნდა ვცადოთ დადებითი შედეგის მისაღწევად. ვენდობი ჩემს ფეხბურთელებს. სექტემბერი ყოველთვის რთულია. ბევრმა მოთამაშემ კლუბი შეიცვალა და საუკეთესო ფორმაში არ არიან, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ კარგი თამაშის საჩვენებლად.  

ლომინაძის გამოძახებაზე ადრეც ვფიქრობდით, თუმცა ტრავმირებული იყო. ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ 21-წლამდე ნაკრებთან ერთად ყოფილიყო ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად. აბუაშვილმა საქართველო ადრეულ ასაკში დატოვა და პორტუში გადავიდა. შესაძლოა, საფეხბურთო კუთხით წარმატებული პერიოდი არ ჰქონდა, თუმცა ახლა მეორე შანსი აქვს ევროპაში საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად. არიან სხვა ფეხბურთელებიც, რომლებიც ახლოს არიან ეროვნულ ნაკრებთან. მაგალითად, გიორგი კვერნაძე. თუმცა, ამჯერად არჩევანი ამ ორ ფეხბურთელზე გავაკეთეთ. შესაძლოა, მომდევნო შეკრებაზე კვერნაძე შემოგვიერთდეს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ნაკრების კარი ყოველთვის ღიაა. ჩემი მიზანიც სწორედ ეს არის. მთავარია, ახალგაზრდებმა ეს დაიმსახურონ. ახალწვეულები ივნისშიც ვიხილეთ, მაგალითად ნიკა გაგნიძე, რომელმაც ასევე დაიმსახურა ნაკრებში კიდევ ერთხელ გამოძახება. თუმცა, გამოძახება მხოლოდ დასაწყისია, რამაც უფრო დიდი მოტივაცია უნდა მისცეს თითოეულ ფეხბურთელს, რომ კიდევ დაბრუნდნენ ეროვნულ გუნდში და მომავალში სასტარტო შემადგენლობაშიც დაიმკვიდრონ ადგილი. 

გიორგი ჩაკვეტაძე აპრილიდან ტრავმირებულია და ამის გამო, რა თქმა უნდა, ვღელავთ. ის მნიშვნელოვანი მოთამაშეა გუნდისთვის. თუმცა, ამ რეალობას ვერ შევცვლით. დრო უნდა მივცეთ, რომ გამოჯანმრთელდეს და რაც შეიძლება მალე დაგვიბრუნდეს. ლაშა დვალი არ იყო მზად ამ ორი თამაშისთვის, რადგან მხოლოდ ორი დღის წინ დაიწყო ვარჯიში ახალ გუნდთან ერთად. გიორგი მამარდაშვილი და ლუკა გუგეშაშვილი საკუთარ კლუბებში არ თამაშობენ. სხვა პოზიციების ფეხბურთელებთან შედარებით, მეკარისთვის ეს განსხვავებული მოცემულობაა. თუმცა, ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს შესაძლოა პრობლემა გახდეს”.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): “არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი მიზანია საქართველოში დავაბრუნოთ ყველა ფეხბურთელი ქართული ფესვებით. უკვე არაერთი მაგალითი გვაქვს სხვადასხვა ნაკრებში წარმატებით მოთამაშე ფეხბურთელების. ეს სჭირდება ნაკრებს და ქვეყანას. ჯამალ კაიშვილთან დაკავშირებით დეტალებში არ შევალ. მან რთული პერიოდი გაიარა და გარკვეული პრობლემები აქვს საბუთებთან დაკავშირებით. დღევანდელი მონაცემებით არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს. ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. უახლოეს მომავალში საქართველოში პირველად ჩამოვა, რაც ძალიან მახარებს. ვეცდებით, რომ ნოემბერში დაგეგმილი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის საბუთებთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდეს, თუმცა ამის გარანტია ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ გვაქვს.”