გიორგი ზარია: “…სწორედ ამ რწმენით დავბრუნდი თბილისის “დინამოში”!

ცოტა ხნის წინ თბილისის “დინამომ” საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველი გიორგი ზარია დაიმატა. საქართველოს ჩემპიონატისთვის ეს ვერაფრით იქნება რიგითი მოვლენა. 

დღეს, როცა ჩვენი პირველობიდან ფეხბურთელები ხშირად მიდიან სუსტი ჩემპიონატების ასეთივე კლუბებში, ყაზახეთის საუკეთესო გუნდში გატარებული ორი წლის შემდეგ დაბრუნება მართლაც გვარიანი ამბავია. 

ზარია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელია. მან “ქაირათთან” ერთად ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა, თვით “რეალსა” და “ინტერს” დაეჯახა, საგოლე პასიც შეასრულა “კოპენჰაგენთან” მატჩში…

“ლელომ” გიორგისთან ინტერვიუ ჩაწერა:

– თქვენი ხელახალი დებიუტი თბილისის “დინამოში” უკვე შედგა “რუსთავთან” მატჩში. აი, “იბერიასთან” შეხვედრაში კი არ გითამაშიათ. ტრავმამ ხომ არ შეგაწუხათ?

– არა, ყველაფერი კარგადაა. ჩეულებრივად ვვარჯიშობდი. უცებ ტემპერატურამ ამიწია, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა. არანაირი პრობლემა აღარ მაქვს და მზად ვარ სათამაშოდ.

– კარგა ხანია, საქართველოს ჩემპიონატში არ გითამაშიათ. რას ელოდით და რა დაგხვდათ?

– დაახლოებით ის, რასაც ველოდი. ამ დროისთვის გუნდების სათამაშო დონეზე საუბარი ცოტა რთულია, რადგან სეზონი ახლახან დაიწყო და ამ ეტაპზე ვერცერთი კლუბი იქნება ოპტიმალურ ფორმაში. მე მჯერა, რომ ჩვენს ფეხბურთს და, მათ შორის, საკლუბო ფეხბურთს, მომავალი აქვს.

ერთი, რასაც ყველამ ერთად უნდა მივხედოთ, ის არის, რომ მეტი მაყურებელი მოვიდეს თამაშებზე. ჩემი თქმა რად უნდა, მაყურებელი სულ სხვა ელფერს სძენს ფეხბურთს.

– თქვენ არაერთი წელი ითამაშეთ ყაზახეთის ჩემპიონატში. მაინც, რით არიან ჩვენზე წინ – ფინანსებით, ინფრასტრუქტურით თუ…

– ჩემი აზრით, ინფრასტრუქტურით წინ ნამდვილად არ არიან. სტადიონები რომ ავიღოთ, რამდენიმე კარგი სტადიონია მხოლოდ – “ქაირათის”, “ასტანასი”, “აქტობესი”… თითქმის სულ ესაა. საქართველოში ამ კუთხით მნიშვნელოვნად არის გამოსწორებული მდგომარეობა.

“დინამო არენა”, გორის სტადიონი, ბათუმის არენა, სხვა თბილისური სტადიონები… ყველგან კარგი საფარია. საქმე სხვა რამეშია. ყაზახეთის ჩემპიონატში არის ჩვენზე გაცილებით მეტი ფინანსები და მოჰყავთ მაღალი დონის ლეგიონერები. ძირითადად ამაშია სხვაობა.

– ალმათის “ქაირათს” კარგად შეეწყვეთ. რატომ გადაწყვიტეთ გუნდის დატოვება და თუ იყო სურვილი კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან კონტრაქტის გაგრძელების?

– ასეთი სურვილი ნამდვილად იყო. კლუბის პრეზიდენტი მესაუბრა პირადად. უნდოდათ, რომ დავრჩენილიყავი, მაგრამ მე ასე გადავწყვიტე.

მთავარი მაინც ის იყო, რომ ამ კლუბში შესაძლებლობები ამოვწურე – რაღაცნაირად ასე ჩავთვალე. იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – ხელოვნურ საფარზე თამაში მთლად კომფორტული არ იყო ჩემთვის, ჩემი მუხლებისთვის…

– ზუსტად ვიცით, რომ თქვენ მიმართ ინტერესი იყო ყაზახეთის სხვადასხვა გუნდებიდან. მათ შორის, აქტიურად იწერებოდა “აქტობეზე”…

– იცით, გადავწყვიტე, რომ ყაზახეთში აღარ გამეგრძელებინა კარიერა. “ქაირათში” ხალხმა შემიყვარა, მაფასებდნენ, ტაშს მიკრავდნენ… მოკლედ, ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. ისე კი ნამდვილად იყო ინტერესი ყაზახეთიდან და არამარტო…

– კიდევ რომელი ქვეყნებიდან იყო ინტერესი?

– იყო ინტერესი უკრაინის, კვიპროსისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის კლუბიდან. მათ შორის, იყო რაღაც ვარიანტი რუსეთიდან, მაგრამ გადავწყვიტე თბილისის “დინამოში” დაბრუნება.

– მისასალმებელი ნაბიჯია. და რა არის გიორგი ზარიას მთავარი მოტივაცია “დინამოში”?

– ჩემთვის “დინამო” მშობლიური კლუბია. ეს არის დიდი კლუბი თავისი წარსულით და ტრადიციით. ჩემი აზრით, ქართულ საკლუბო ფეხბურთს დღეს ძალიან სჭირდება დროში კარგად გათვლილი გეგმა, პროექტი… “დინამოში” სადღეისოდ არაერთი ნიჭიერი, ახალგაზრდა ფეხბურთელია.

მე ვითამაშე ჩემპიონთა ლიგაში და გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა. მინდა, ეს გამოცდილება ახალგაზრდა ფეხბურთელებს გავუზიარო. ევროთასებზე წარმატება დღეს ჰაერივით გვჭირდება. ამ ყველაფერმა გადამაწყვეტინა “დინამოში” დაბრუნება.

– ჩემპიონთა ლიგა ახსენეთ და, იქ რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარეთ…

– “ქაირათს” ყველა გამოკვეთილ აუტსაიდერად თვლიდა. მიიჩნევდნენ, რომ ევროპის უმთავრეს საფეხბურთო ტურნირზე მხოლოდ სტატისტების როლში ვიქნებოდით, მაგრამ ასე არ მოხდა.

განსაკუთრებული სიამოვნებით ვიხსენებ მატჩებს “ინტერთან”, “რეალთან”, “კოპენჰაგენთან”… გეხსომებათ, დანიურ კლუბთან შეხვედრაში “ასისტიც” გავაკეთე.

– ცალკე უნდა გკითხოთ “რეალთან” მატჩზე – როგორი შეგრძნება დაგეუფლათ “სამეფო კლუბთან” თამაშისას?

– ეს მართლაც განსაკუთრებული შეგრძნება იყო. იცით, ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ის, თუ როგორი სიმსუბუქით გადაადგილდებიან მინდორზე “რეალის” ფეხბურთელები.

– ყველაზე მეტად ვისმა თამაშმა მოგხიბლათ?

– მე ჩემი გემოვნებით დავასახელებდი კილიან მბაპეს და ჯუდ ბილინგემს.

– რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებზეც უნდა გკითხოთ. შევაფასოთ ერთა ლიგის ჯგუფი…

– ცხადია, ჯგუფი სერიოზულია. ამაზე ორი აზრი არ შეიძლება იყოს. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ის მუხტი, რომელიც გვქონდა. მე მჯერა, რომ ამ ჯგუფში საქართველოს ნაკრებს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია.

– …და მათ შორის, პირველობისთვისაც?

– კი, მე ამის ბოლომდე მჯერა და მწამს.

– საინტერესოა გიორგი ზარიას თვალით დანახული საქართველოს ნაკრები “შიგნიდან”…

– ეს არის გუნდი, რომელშიც ყველას ყველა უყვარს. ხომ ახალი ვიყავი სანაკრებო შეკრებაზე, იმხელა სითბო და სიყვარული მაჩვენეს ბიჭებმა, არ ვიცი, როგორ გადმოვცე. ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ყველას ძალიან უხარია შეკრებაზე ჩამოსვლა…

– და ბოლოს, თქვენი და თბილისის “დინამოს” მიზნები მიმდინარე სეზონში…

– როცა “დინამოზე” ვსაუბრობთ, ჩემპიონობა და თასის მოგება – ეს თავისთავად. სადაც ვითამაშე, ბოლო შვიდი სეზონიდან ექვსში ჩემპიონი გავხდი და ძალიან მინდა, რომ ეს ტრადიცია არც ამჯერად დაირღვეს.

გარდა ამისა, მინდა, “დინამომ” ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე. თქვენ მკითხეთ და მე გიპასუხებთ – თუ ყაზახურმა კლუბებმა შეძლეს ეს, რატომ ვერ უნდა შევძლოთ ჩვენ?! ასევე მინდა წარმატება ვუსურვო ყველა ქართულ კლუბს, რომელიც თამაშობს ევროთასებზე. წლევანდელ ევრომიზანს რაც შეეხება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კონფერენსლიგის გადამწყვეტ ფაზამდე მივაღწიოთ.