იბერია ლიდერია

იბერია 1999 3:1 გაგრა 

მოქმედმა ჩემპიონმა კვლავ მოიგო და ექვსქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. იბერია 1999-მა გაგრას ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა…

არადა, თავიდან გაგრა იგებდა ლევან გეგეჭკორის ორიგინალური გოლით. გეგეჭკორმა რბილი დარტყმით თავზე გადაუგდო ბურთი მეკარე თორნიკე მეგრელიშვილს. 

თუმცა მცირე მონაკვეთში იური ტაბატაძემ დუბლი შეასრულა და ტაიმი იბერიელებმა მოიგეს. იურიმ ჯერ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით გაათანაბრა, მერე კი თავურით გაიტანა. იური ტაბატაძე ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა – 9 გოლი აქვს…  

მეორე ნახევარში მასპინძლებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს გაგრელთა კარის აღება. თორნიკე ახვლედიანის პასი, ამირან ძაგანიას მეკარესთან პირისპირ გასვლა და საბოლოოდ 3:1. ახვლედიანიც და ძაგანიაც მინდორზე ხუთი წუთის შესულები იყვნენ. 

ლევან კორღალიძის გაწვრთნილ იბერია 1999-ს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 30-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.