საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ნიკა კვეკვესკირმა საფეხბურთო კარეირა დაასრულა და მუშაობას ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბში გააგრძელებს.
კარიერის დასრულების შესახებ განცხადება 33 წლის ნახევარმცველმა სასტუმრო პარაგრაფში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ნიკა კვეკვესკირი: “მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემს თანაგუნდელს, სამწვრთნელო შტაბს, სტაფის თითოეულ წევრს და ყველას, ვისთანაც მიმუშავია. მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, მის თითოეულ თანამშრომელს, ვისგანაც უდიდეს სიყვარულს და პატივისცემას ვგრძნობ.
ძალიან დიდი პატივი იყო მეტარებინა საქართველოს ნაკრების მაისური 60-ზე მეტ შეხვედრაში და ყველასთვის საოცნებო ევროპის ჩემპიონატზე თამაში. რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ დგება დრო, როდესაც ცხოვრების ახალი ფურცელი უნდა გადაშალო.
მადლობა გულშემატკივარს და მედიას, რადგან ყველამ ერთად მივაღწიეთ ამ დიდი წარმატებას და მჯერა, რომ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები წინ არის.
მინდა მადლობა გადავუხადო ზაზა ზამთარაძეს და სფფ-ს სამწვრთნელო პროგრამისთვის, რომელიც მოქმედ ფეხბურთელებს საშუალებას აძლევს სწრაფად გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე და დაიწყონ სამწვრთნელო კარიერა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. განსაკუთრებული მადლობა ალექსანდრეს და ვილის ნდობითვის. დიდი პრივილეგიაა იყო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელო. ეს არის ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და ძალიან ბედნიერი ვარ. არაფერს დავიშურებ იმისთვის, რომ გავამართლო ეს ნდობა”.
ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): “ამაყი ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას ასეთი ფეხბურთელი ჰყავდა. ნიკა კვეკვესკირის როლი ძალიან დიდია ამ ნაკრების წარმატებაში და განვითარებაში. ვფიქრობ, ის ყოველთვის სამაგალითო იყო მოედანზე და მის გარეთ. მაგალითი იყო ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, თუ რას ნიშნავს გეცვას შენი ნაკრების მაისური და ატარებდე მას სიამაყით, პასუხისმგებლობითა და სიყვარულით. არ მჯერა შემთხვევითობების და სწორად ამიტომ გახდა ნიკა საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი. მან ეს დაიმსახურა თავისი ცხოვრებით, შრომისმოყვარეობით და პასუხისმგებლობით. ფეხბურთის ფედერაციის სახელით მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ნიკას ყველაფრისთვის, რაც ნაკრებისთვის და ქვეყნისთვის გააკეთა”.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “კარიერის დასრულების ცხოვრების დიდი ნაწილის დასასრულია, რომელსაც მცირე ასაკიდან ძალიან ბევრი რამ მიეცი. ეს გადაწყვეტილება მარტივი არასდროსაა, თუმცა ამაზე ბევრი გვისაუბრია. ეს არ არის ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება. გრძელი პროცესი იყო და როდესაც გადაწყვეტილების მიღებას გარკვეულ დროს უთმობ, როგორც წესი, საბოლოოდ სწორ გადაწყვეტილებას იღებ. მინდა მივულოცო ნიკას შესანიშნავი საფეხბურთო კარიერა. მისმა 11-მეტრიანმა საბერძნეთის ნაკრების კარში, შეიძლება ითქვას, ქვეყნის ბედი შეცვალა. ეს რაღაც განსაკუთრებული იყო და ყოველთვის ვალში ვიქნები მასთან. როდესაც გავიგე, რომ კარიერის დასრულებას აპირებდა, ალექსანდრე იაშვილთან ვისაუბრეთ და მან მითხრა, რომ ნიკა სამომავლოდ სამწვრთნელო კარიერის დაწყებას აპირებდა. შევთანხმდით, რომ კარგი იქნებოდა, ნიკა საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში რომ ყოფილიყო. ვეს იდეა ნიკასაც ძალიან მოეწონა. ასე რომ, მოხარული ვარ ნიკა კვეკვესკირის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ხილვით”.