ამბიციური “თელავი”
“თელავი” ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რათა ეროვნულ ლიგაში დაბრუნდეს. გუნდს ჰყავს ახალი მთავარი მწვრთნელი – გიორგი მიქაძე, ვისთვისაც ეს კლუბი კარგადაა ნაცნობი.
მართალია, კლუბის ოფიციალური საიტი ჯერ სატრანსფერო სიახლეების თაობაზე არაფერს გვატყობინებს (ეს წერილი სამშაბათს საღამოს იწერება), მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, გუნდმა რამდენიმე ფეხბურთელი უკვე დაიმატა. მათ შორის, გამოცდილი ფორვარდი გიორგი ნიქაბაძე. როგორც ვიცით, “თელავს” რამდენიმე ლეგიონერი თურქეთში უნდა შეუერთდეს.
კახელებმა იქ უკვე გამართეს საკონტროლო მატჩი. მიქაძის მიერ გაწვრთნილი გუნდი ტრადიციულ ჩეხურ კლუბს, ოსტრავის “ბანიკს” დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. თელაველთა სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მათ შეძლეს შემადგენლობის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება.
მიზანი დაბრუნებაა…
დავით კვირკველიას ხელმძღვანელობით ფოთის “კოლხეთი” ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რათა დაბრუნდეს ეროვნულ ლიგაში. საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველის ხელმძღვანელობით, ფოთელებმა საქართველოში ორი ამხანაგური მატჩი გამართეს და ჯერ “გონიოს” დაუზავდნენ – 2:2.
ფოთელთაგან გოლები ნიკოლას-ნიკა კაპანაძემ და საბა ჭინჭარაულმა გაიტანეს. ხოლო შემდეგ 1:2 წააგო მარტვილის “მერანთან”, რომელთაგან ორივე გოლი გიორგი უგრეხელიძემგაიტანა.
“კოლხეთი” თურქეთში ამ შემადგენლობითაა: ლუკა ნანავა, თორნიკე შეყილაძე, საბა ცარციძე, დიმიტრი გურინოვი, დიტო ფაჩულია, დათა ინაიშვილი, სანდრო ავალიანი, დავით ფაღავა, გიორგი კვირკველია, შოთა გვარჯალაძე, ნიკოლას-ნიკა კაპანაძე, მათე ტოფაძე, საბა ხარჩილავა, ლუკა ელბაქიძე, ჯუბა დვალიშვილი, დავით ანდღულაძე, გიორგი დგებია, დაჩი ცეცხლაძე, საბა ჭინჭარაული, რომან პლიუშჩი.
ძირითადი ბირთვი შეინარჩუნეს
მარტვილის “მერანი” მომავალ სეზონში ყველასთვის ანგარიშგასაწევი გუნდი იქნება. კლუბის ხელმძღვანელობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ თითქმის მთლიანად მოახერხეს ძირითადი ბირთვის შენარჩუნება. რაც მთავარია, ამ ეტაპზე ისევ მერანელია უზბეკი ფორვარდი – ჯავოხირ ესანკულოვი, ვისი გადაბირებაც, ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე ქართულ და უცხოურ კლუბს სურდა. მათ შორის, ჩვენი ქვეყნის წამყვან გუნდებსაც.
“ეს “სიონი” ჩვენია…”
“ეს “სიონი” ჩვენია, ჩვენი მოსავლელია” – მძლავრად დააქუხებდნენ წლების წინ ბოლნისში “სიონის” ფანები. ეს კოლორიტული გუნდი ძალიან სჭირდება ქართულ ფეხბურთს. “სიონში” უჩა სოსიაშვილი მივიდა. მას ეხერხება კარგი, გემოვნებიანი გუნდების აწყობა და წესით, “სიონმაც” კარგი ფეხბურთი უნდა ითამაშოს.
ბოლნისური კლუბი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა. მოვიდნენ საინტერესო ახლებიც. შემტევ სერგო კუხიანიძეს არაერთ ქართულ და უცხოურ გუნდში უთამაშია.
ის კი არა, თავის დროზე მან საქართველოს ნაკრების მაისურაც მოირგო. ბოლნისური კლუბის ღირსებას დაიცავს კანადელი მცველი ადამ ჰუსკიჩი. ის პირველი კანადელია, ვინც საქართველოში ითამაშებს.
“სიონმა” ჩაატარა 2 ამხანაგური მატჩი. ბოლნისურმა კლუბმა “თელავთან” 2:2 ითამაშა. ამის შემდეგ “სიონი” “დიდუბეს” შეხვდა და 5:2 მოუგო. “სიონის” რიგებში დუბლი მიითვალეს შოთა ფანცულაიამ და სერგო კუხიანიძემ. ერთი გოლიც ალექსანდრე ჯელაძემ შეაგდო.