კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-18 ტური, ანუ მეორე წრე დასრულდა. ხუთშაბათს ოთხი მატჩი გაიმართა. კვლავ გაიმარჯვა მოქმედმა ჩემპიონმა იბერია 1999-მა და ექვსქულიანი უპირატესობით ლიდერობს. ასევე მოიგეს გარეჯმა, დინამო ბათუმმა და წყალტუბოს სამგურალმა.
საგარეჯოელებმა ქუთაისში მოუგეს ტორპედოს. გარეჯს ამ ტურამდე ზედიზედ სამი ფრე ჰქონდა, ტორპედომ კი კარგი სერია ბოლოს ზედიზედ ორი მარცხით დაასრულა.
მე-19 წუთზე ლამაზი გოლი გაიტანა გარეჯის გარემარბმა ვახო ბედოშვილმა. ის პირველად გამოიძახეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში და დიდი შანსია, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს.
ბოლოს კი გარეჯმა კონტრშეტევაზე დაიჭირა მეტოქე, კერძოდ, მათე ქომეთიანის პასს მოჰყვა სერგო კუხიანიძის გოლი და საბოლოოდ, 0:2.