საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უახლოეს თბილისურ მატჩს 2 მარტს ჩაატარებს. მისი მეტოქე დანია იქნება.
ამავე გუნდს საქართველო 27 თებერვალს კოპენჰაგენში დაუპირისპირდება. სწორედ ამ ორ მატჩზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ბედი: ოთხგუნდიან ჯგუფში (ესპანეთი, უკრაინა, საქართველო, დანია) საქართველოსა და დანიას ორ-ორი მატჩი აქვთ ჩატარებული და ჯერ მოგება არ მოუპოვებიათ. ჯგუფიდან კი სამი საუკეთესო გადის.
თებერვალი-მარტის ფანჯრისთვის დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა. გუნდს ვერ დაეხმარებიან ევროლიგის კალათბურთელები შეივონ შილდსი და იფე ლუნდბერგი.
“სამწუხაროა, თუმცა, მომავალ მატჩებში ჩვენი ნაკრებისთვის ორი უაღრესად საჭირო კალათბურთელი დაგვაკლდება. მიზეზი ყველასთვის კარგად ნაცნობია: იფე ლუნდბერგი და შევონ შილდსი ევროლიგის კალენდრის გამო ვერ ჩამოდიან. თვის დასაწყიში შილდსთან თავად ვიყავი ჩასული და ნაკრებში მის შესაძლო ჩამოსვლაზე ვისაუბრეთ.
ცუდია, რომ ეს ისევ ვერ ხერხდება, მაგრამ სიტუაცია ყველასთვის გასაგებია. როგორც იფე, ასევე შევონი უკვე 30 წელზე მეტი ასაკისანი არიან, გადატვირთული კალენდარი აქვთ და ცხადია, სურთ კარგ ფიზიკურ კონდიციებში იყვნენ. ასეთი მძიმე საკლუბო სეზონის ფონზე რთულია დამატებით სანაკრებო მატჩებში მონაწილეობა”, – განაცხადა დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალან ფოსმა.
დანიის ნაკრები: ადამ ჰეედე-ანდერსენი, გაბრიელ ვოგელი (ორივე – სვენდბორგი), აუგუსტ მიოლერი (ფალკონი), ბაკარი დიბა (ბრეოგანი, ესპანეთი), დანე ერიკსტრუპი (გრონინგენი, ნიდერლანდები), დავიდ კრისტენსენი (ზამორა, ესპანეთი), გუსტავ დრეიერი, ოგბემუდია უაგბოე (ორივე – ბლუ ჰოუკსი), გუსტავ კნუდსენი (მანრესა, ესპანეთი), ჯონათან კლუსმანი (პადერბორნი, გერმანია), კევინ ლარსენი (ალიკანტე, ესპანეთი), სილვესტერ ბერგი (ბაკენ ბეარსი), ტობიას იენსენი (ულმი, გერმანია), ზარკო ჯუკიჩი (რეიკიავიკი, ისლანდია).