რევაზ გოცირიძე: “ერთ მოსამზადებელ პერიოდს რომ ერთი მწვრთნელი იწყებს, მერე ორი მწვრთნელი რომ იცვლება და მეორე მოსამზადებელზე კიდევ ახალს ნიშნავენ, რომელ სტაბილურობაზეა ლაპარაკი?!.”

რევაზ გოცირიძე ახალი თაობის ქართული სამწვრთნელო სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. ახლო წარსულში კარგი ფორვარდი სხვადასხვა დროს წვრთნიდა “საბურთალოს”, “თელავს”, “შუქურას”, “ლოკომოტივს” და “გონიოს”. გოცირიძესთან საკლუბო და სანაკრებო ფეხბურთის საჭირბოროტო თემებზე ვილაპარაკეთ…

– ეროვნულმა ლიგამ ახლახანს აიღო სტარტი. რას იტყვით ჩვენი ჩემპიონატის შუქ-ჩრდილებზე, მთავარი პრობლემები სად გეგულებათ?

– პირველი და მთავარი პრობლემა ის არის, რომ ფეხბურთელები დიდი რაოდენობით მიდიან საზღვარგარეთ. ცხადია, ეს დონის ვარდნას განაპირობებს და არც გულშემატკივარს მოსწონს. ცხადია, აქ მთავარი განმსაზღვრელი არის ფინანსური მომენტი. აგერ, არაერთი ფეხბურთელი წავიდა ყირგიზეთში და ეს დამაფიქრებელია. მე ფეხბურთელებს ვერ ვამტყუნებ – მათ უკან ხომ ოჯახები დგას!

– ცოტა უკეთ მაინც რომ ითამაშონ ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე, ამისთვის რა არის საჭირო?

– ჩემი აზრით, როგორმე უნდა მივაღწიოთ იმას, რომ მიგრაციის მასშტაბები ცოტათი მაინც შემცირდეს. ცხადია, ამ შემთხვევაში ისევ და ისევ ფინანსებამდე მივდივართ. ყოველ ექვს თვეში ახალი გუნდის შენება ურთულესი საქმეა და ასეთ ვითარებაში, ასე თუ ისე, კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება ურთულესი საქმეა.

გარდა ამისა, სათვალავში უნდა ჩავაგდოთ მწვრთნელების ხშირი ცვლა. პირველ მოსამზადებელ პერიოდს რომ ერთი მწვრთნელი იწყებს, მერე ორი მწვრთნელი იცვლება და მეორე მოსამზადებელს კიდევ ახალი მწვრთნელი იწყებს, რომელ სტაბილურობაზეა ლაპარაკი?!

– არადა, კონფერენსლიგის ჯგუფში თუ როგორც დღეს ჰქვია – ლიგის ფაზაში ისეთი ქვეყნის გუნდები მოხვდნენ…

– აი, ზუსტად ეს არის – ჩვენ შეიძლება დაწვრილებით არ ვიცით, რა ხდება იმ კლუბებში, მაგრამ სტაბილურობა არის ყოველივე ამის მთავარი განმაპირობებელი. ეს კლუბები სტაბილურობას ინარჩუნებენ იმ კუთხით, რომ გამუდმებით არ ცვლიან შემადგენლობას და სამწვრთნელო შტაბს.

– ქართველი ბიზნესმენები ერიდებიან ფეხბურთში ფულის ჩადებას. ყველა მწვრთნელს ჰქონია შეჯახება ამ პრობლემასთან და გამონაკლისი არც თქვენ იქნებით. რატომ ხდება ასე?

– ერიდებიან იმიტომ, რომ ქართულ საკლუბო ფეხბურთში ფულის ჩადება ამ ეტაპზე წამგებიანია. ამ კუთხით სამუშაო ნამდვილად არის, რომ ეს მოცემულობა შეიცვალოს. შესაძლოა, ჩვენთვის საყურადღებო იყოს აზერბაიჯანული მოდელი, როცა მთავრობამ ადგილობრივ ბიზნესმენებს ერთგვარად დაავალა კლუბებში ფულის ჩადება და ამის შემდეგ გარკვეული შეღავათები დაუწესა მათ.

– ფაქტია, ამ ბოლო დროს ინფრასტრუქტურული კუთხით ჩვენში ბევრი გაკეთდა, მაგრამ პრობლემები მაინც რჩება…

– სათამაშო მინდვრების კუთხით სიტუაცია მოწესრიგებულია, მაგრამ არის სავარჯიშო მინდვრების პრობლემა. სასურველია, ასეთი მინდორი ყველა კლუბს ჰქონდეს და, თანაც, არაერთი. დღეს კი მხოლოდ რამდენიმეს აქვს. ოლიმპიურმა კომპლექსმა სულზე მოგვისწრო. იქ ახლა რამდენიმე გუნდი ვარჯიშობს.

– ხომ არ გეჩვენებათ, რომ საქართველოს ჩემპიონატში ტალანტების რაოდენობამ იკლო?

– საკმარისია, გამოჩნდეს განსაკუთრებული ტალანტი და ის ძალიან მალე მიდის საქართველოდან. ეს სავსებით ბუნებრივად მეჩვენება. როცა არის შეთავაზება წამყვანი ევროპული კლუბიდან, ფეხბურთელს ვერ დააკავებ. მერე ის ისევ საქართველოს ნაკრებს გამოადგება.

– თქვენი აზრი ერთა ლიგის ჯგუფზე

– ჩემი აზრით, ძალიან რთული და თანაბარი ჯგუფია. პირველობის შანსი ყველა ნაკრებს აქვს, მათ შორის, საქართველოსაც, თუ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი და ოპტიმალურ ფორმაში გვეყოლება.

– აშკარაა ნაკრების დაცვაში არსებული პრობლემებიც

– ეს ისევ და ისევ იმიტომ, რომ ცვლილებები დავიწყეთ დაცვაში. გარკვეულწილად, ასაკობრივი მომენტიც არის. საბა გოგლიჩიძის ტრავმა ცუდ დროს დაგვემთხვა. იყო მომენტი, როცა სათამაშო პრაქტიკაც აკლდა. იმავე ლაშა დვალსაც არ ჰქონდა პრაქტიკა გარკვეული დროის განმავლობაში.

საბა საზონოვზეც ვიტყვი, ძალიან მეიმედება და მინდა, ითამაშოს. როცა ყველა გვყავდა დაცვაში, ის თითქმის გაუვალი იყო. დაცვა სპეციფიკური სათამაშო რგოლია და აუცილებელია, ფეხბურთელებმა სტაბილურად ითამაშონ.

– და ბოლოს, რაიმე საინტერესო შეთავაზება ხომ არ გაქვთ?

– ეროვნული ლიგა ახლა დაიწყო და გასაკვირი არ არის, რომ საქართველოდან არ არის შეთავაზება. სამი კვირის წინ ძალიან აქტუალური იყო ისრაელის რანგით მეორე ლიგის ერთ-ერთი კლუბის ვარიანტი. მერე სიტუაცია შეიცვალა – რაც ხდება დღეს, ყველამ ვიცით.

არ ვიცი, როცა დაწყნარდება ვითარება, შეიძლება ეს ვარიანტი ისევ აქტუალური გახდეს. დეკემბრის ბოლოს იყო მოლაპარაკება საუდის არაბეთის ერთ-ერთ კლუბთან, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ჩიხში შევიდა…