გიორგი ცეცაძე: “იმაზე ნაკლები გუნდი არ ვიქნებით, ვიდრე ვიყავით, თუ უკეთესი არა

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული “რუსთავის” მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ცეცაძემ, თურქული შეკრება შეაფასა:

“ძალიან კარგი შეკრება გამოგვივიდა. აბსოლუტურად ყველა ასპექტში დადებითი იყო – კარგი სავარჯიშო პროცესი, თურქეთში თითქმის ყველგან მშვენიერი გარემოა და ჩვენ ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრში ვემზადებოდით. ყველაზე მთავარი მინდა აღვნიშნო. სავარჯიშო პროცესი თანამედროვე ფეხბურთში უმნიშვნელოვანესია. ჩვენი ბიჭების სასახელოდ მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი თავდადებით შრომობდნენ…

რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველაფერი არ გამოდის. მაგრამ მთავარია ვარჯიშისადმი განწყობა, რაც “რუსთავში” ისეთი იყო, როგორიც ტოპ-კლუბებშია. ყველაფერს დიდი მონდომებით აკეთებდნენ და მგონია, რომ ჩემპიონატში ეს შედეგს გამოიღებს. ბევრმა ფეხბურთელმა ძალიან კარგი გამოცდილება მიიღო. სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა სტილის ძალიან კარგ გუნდებს ვეთამაშეთ. თურქეთში იმიტომ ჩამოვედით, რომ თამაშის ხარისხი გაგვეზარდა, ჩემპიონატში შედეგი რომ გვქონდეს…

იდეალური შედეგები არ გვქონდა, მაგრამ იყო ის კომპონენტები, რომლის დანახვაც გვინდოდა. შეკრება ამ მხრივაც ძალიან კარგად გამოვიყენეთ და საერთაშორისო ამხანაგურმა თამაშებმა ჩვენც და ბიჭებსაც საკუთარი შესაძლებლობები დაგვანახა. დონეცკის “შახტარს” შევხვდით და, სამწუხაროდ, ჯერ არ ვართ იმ დონეზე, რომ მათ ტოლ-სწორად ვეთამაშოთ. მაგრამ იყო მომენტები, როცა ცუდად არ გამოვიყურებოდით. სხვებს არ ვახსენებ, რადგან “შახტარი” ტოპ-გუნდია და კარგია, რომ ასეთი მატჩი გვქონდა…

ფეხბურთელებს რაც შეეხება, ძველ მოთამაშებს განვითარება ეტყობათ, ახალგაზრდებმაც კარგად იმუშავეს. ვფიქრობ, დაცვა ძალიან გავაძლიერეთ და იმაზე ნაკლები გუნდი არ ვიქნებით, ვიდრე ვიყავით, თუ უკეთესი არა. შეტევაც განვაახლეთ – თავდამსხმელები მოვიდნენ, რომლებიც ძალიან ნიჭიერები არიან. მათგან ერთი გამოცდილია, მეორე – გამოუცდელი. ვფიქრობ, სეზონის მსვლელობისას კიდევ უფრო უკეთეს ფორმაში შევლენ… 

მოსამზადებელი შეკრება განვითარების ერთ-ერთი ეტაპია, რომელიც საშეჯიბრო პერიოდში კიდევ უფრო სრულ სახეს მიიღებს. ჩვენი მიზანი ხუთეულში მოხვედრაა და ეს შეკრება ამ მიზნის შესრულებაში დაგვეხმარება. გულშემატკივარს ვეტყვი – გასაგებია, ძალიან ცუდია, რომ რუსთავში არ ვთამაშობთ. მაგრამ ისიც ყველამ კარგად იცის, რომ ეს დროებითია. “რუსთავი” დიდი პროექტის ნაწილია – როცა ჩვენი სტადიონი აშენდება, ისეთი გუნდით უნდა შევხვდეთ, ტრიბუნაზე ყველა ადგილი რომ შეივსოს და გულშემატკივარმა დიდი სიხარული მიიღოს”, – თქვა გიორგი ცეცაძემ.