პიზაში (იტალია) დამთავრდა პარამოფარიკავეთა მსოფლიოს თასის გათამაშება. პარამოხმალავე ქალთა გუნდური შეჯიბრების ფინალში საქართველოს ნაკრები (ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი) ტაილანდელებს დაუპირისპირდა. მართალია, საისუნი იანამ, თიტირატ პენგპრასიტიპონგმა და დუეან ნაკპრასიტმა ქართველ პარამოფარიკავეებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ ჩვენებმა პირველი ორთაბრძოლიდანვე ხელთ იგდეს უპირატესობა, გაიმარჯვეს 30:19 და ახალი სეზონის მსოფლიოს თასის პირველი მფლობელები გახდნენ. მესამე ადგილი პოლონეთის ნაკრებმა დაიკავა, რომელმაც გადმწყვეტ შეხვედრაში უკრაინის გუნდს სძლია.
„ემოციებით ნამდვილად დახუნძლული ვარ, – თქვა შეხვედრის შემდეგ ხეცურიანმა. – ეს გამარჯვება ნამდვილად გვჭირდებოდა, რადგან გუშინ გოგონებმა ძალიან ბევრი იბრძოლეს წარმატების მისაღწევად. სამწუხაროდ, ნინამ ინდივიდუალურ ხმალში ფინალი წააგო. ამიტომ ჩვენთვის ეს მატჩი მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ გვჭირდებოდა მისი მოგება“.
მოხმალავეთა პირად პირველობაში პარალიმპური თამაშების მედალოსანმა კინგა დროზდმა,ასევე, ოლიმპიურ პრიზიორს – ნინა თიბილაშვილს 15:10 მოუგო და 2019 წლიდან ოქროს მე-7 მედალი მოიპოვა. „იოლი მატჩი არ ყოფილა, – თქვა პოლონელმა პარამოფარიკავემ. – რადგან ნინა ჩემი საუკეთესო მეგობარია, თითქმის და, თანაც ჩვენ ბევრს ვფარიკაობთ, ერთად ვვარჯიშობთ, ამიტომ კარგად ვიცნობთ ერთმანეთის ტექნიკას. ასეთ სიტუაციაში კი ორთაბრძოლა ყოველთვის რთულია”…
მოხმალავეთა ტურნირზე უკრაინელ ნატალია მორკვიჩთან ერთად ბრინჯაოს მედალი გვანცა ზადიშვილს ხვდა. ნახევარფინალში იგი თანაგუნდელ თიბილაშვილთან 14:15 დამარცხდა.