ჯგერენაია “იბერიიდან” “ნავბახორში” მიდის?

ჩვენი ინფორმაციით, დიდი შანსია, ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მცველმა, გიორგი ჯგერენაიამ კარიერა უზბეკეთის სუპერლიგის ბინადარ “ნავბახორში” გააგრძელოს. ის თბილისის “იბერია 1999-თან” ერთად თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც ხსენებული უზბეკური კლუბიც ემზადება და ჯგერენაიაც, ეტყობა, იქ შენიშნეს.

“ნავბახორში” ჩვენთვის კარგად ნაცნობი ორი ფეხბურთელი თამაშობს – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილი მცველი ანრი ჭიჭინაძე(რომელიც აქამდე რუსულ “ორენბურგში” ირჯებოდა) და ნიგერიელი საყრდენი ბენჟამინ ტეიდი, ვისაც ქართველ გულშემატკივარი ბათუმის “დინამოდან” და “იბერიადან” იცნობს.

ჯგერენაია 32 წლისაა. მას სხვადასხვა დროს უთამაშია “გაგრაში”, უკრაინულ “ილიჩევეცში”, “მიკოლაევსა” და კიევის “დინამოს” მეორე გუნდში, ასევე, თბილისის “მერანსა” და “სამტრედიაში”. 2021 წლიდან “იბერიას” ღირსებას იცავს. ჯგერენაია არის საქართველოს ორგზის ჩემპიონი და დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული.