დირკ შუსტერი: “ტორპედოს” სათადარიგოთა სკამი მოკლეა, ამიტომ, სეზონის დაწყებამდე კიდევ ორ ფეხბურთელს დავიმატებთ.

ქუთაისის “ტორპედომ” კვიპროსში მოსამზადებელი პერიოდი დაასრულა, ხოლო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა შეკრება შეაჯამა.

“კვიპროსში მოსამზადებლად კარგი პირობები გვქონდა. კმაყოფილი ვარ ამხანაგური თამაშებით, განსაკუთრებით – პირველი ორით. გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის საშუალება მივეცით, ბოლო თამაშშიც სასარგებლო გამოცდილება მივიღეთ. 

ვფიქრობ, ეს შეკრება წარმატებული იყო როგორც თითოეული ფეხბურთელისთვის, ისე მთლიანად გუნდისთვის. სეზონს კარგ ფორმაში ვხვდებით და ფეხბურთელების მზადყოფნით კმაყოფილი ვარ. 

ვიცით, რომ ამ ეტაპზე მოკლე სათადარიგოთა სკამი გვყავს და ტრანსფერებზე უნდა ვიაქტიუროთ. კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით და იმედი მაქვს, მალე კარგი ამბავი გვექნება – სეზონის დაწყებამდე კიდევ ორ მოთამაშეს დავიმატებთ. 

გასულ წელთან შედარებით, ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციები გაუმჯობესებულია. “არარატ არმენიასთან” და “ლუნგბიუსთან” მაღალი ინტენსივობით ვითამაშეთ და ვფიქრობ, უკეთ გამოვიყურებით, ვიდრე წინა წელს. პირველი მატჩისთვის კარგად ვართ მომზადებულები”, – ამბობს დირკ შუსტერი.

ქუთაისის “ტორპედომ” მოსამზადებელ ეტაპზე 5 ამხანაგური მატჩი ჩაატარა – საქართველოში წყალტუბოს “სამგურალს” (2:1) სძლია, “ოდიშთან” დამარცხდა (0:1), ხოლო კვიპროსულ შეკრებაზე დანიურ “ლიუნგბიუს” დაუზავდა (1:1), “არარატი-არმენია” (1:0) და “აია ნაპა” (3:1) კი დაამარცხა.

შუსტერის გუნდი სეზონს 28 თებერვალს გახსნის. ქუთაისელები “რამაზ შენგელია არენაზე” ეროვნული ლიგის დებიუტანტ “სპაერს” უმასპინძლებენ.