წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ

ერმანიის ქალაქმა ფრესინგმა ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების წილისყრას უმასპინძლა, რომლებშიც, ცხადია, საქართველოს ნაკრებებიც მონაწილეობენ. მთლიანობაში ჩატარდა 16 ტურნირის წილისყრა, რომელთაგან საქართველო 5-ში მონაწილეობს: ყველაზე უმაღლესი რანგის ტურნირში 16-წლამდელები ასპარეზობენ, რომლებმაც შარშან, თბილისში ჩატარებულ ევრობასკეტზე მე-8 ადგილი დაიკავეს. 16-წლამდელთა ნაკრები ზედიზედ მე-3 წელია, A დივიზიონში ასპარეზობს. თბილისამდე ჩვენმა ნაკრებმა 2024 წელს ელიტარულ დივიზიონში საბერძნეთის ქალაქ ირაკლიონში იასპარეზა და უძლიერესთა შორის ადგილი შეინარჩუნა. B დივიზიონში იასპარეზებს 2 ნაკრები: 18 და 20 წლამდელები, ხოლო გოგონათა 16 და 18 წლამდელთა ნაკრებები ძალებს კვლავინდებურად C დივიზიონში მოსინჯავენ. 

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, იგივე A დივიზიონი რუმინეთის ქალაქ ორადეაში გაიმართება. ტრადიციულად, ტურნირში კონტინენტის 16 საუკეთესო ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 4 ჯგუფში იქნებიან განაწილებულნი. ჩვენი ნაკრები C ჯგუფში მოხვდა ესპანეთთან, ისრაელთან და საბერძნეთთან.

გათამაშების ფორმატის თანახმად, ჯგუფში ერთმანეთთან თითო მატჩის გამართვის შემდეგ ყველა მონაწილე მერვედფინალში გადაინაცვლებს, სადაც მეტოქე დაკავებული ადგილების მიხედვით შეხვდება. მერვედფინალში მოგებული გუნდები ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ, ხოლო წაგებულები 9-16 ადგილებს გაითამაშებენ და ბოლო 3 გუნდი ელიტარულ დივიზიონს დატოვებს. 

16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარე წლის 7-15 აგვისტოს, რუმინეთის ქალაქ ორადეაში გაიმართება.

წლეულს 20-წლამდელთა B დივიზიონში 21 გუნდი იასპარეზებს, რომელთა მიზანიც 3 საუეკთესოში მოხვედრა იქნება, რათა A დივიზიონის საგზური მოიპოვონ. მონაწილეები 4 ჯგუფში განაწილდნენ და საქართველო 5-გუნდიან, B ჯგუფში მოხვდა. ჩვენი ნაკრების მეტოქეები იქნებიან: ესტონეთი, უკრაინა, შვეიცარია, და ლუქსემბურგი.

ტურნირი 10-დან 19 ივლისის ჩათვლით სლოვაკეთის ქალაქ ბრატისლავაში ჩატარდება.