ოთარ კიტეიშვილი “კიკერის” სიმბოლურ ნაკრებში!

დასრულდა ავსტრიული ბუნდესლიგის ძირითადი ეტაპი. 22 ტურის შემდეგ 38 ქულით სატურნირო ცხრილს ოთარ კიტეიშვილისა და გიზო მამაგეიშვილის “შტურმი” ლიდერობს. ცხადია, გრაცელები ასპარეზობას საჩემპიონო ექვსეულში აგრძელებენ.

ავსტრიულმა “კიკერმა” კი ჩემპიონატის ძირითადი ეტაპის (22 ტური) სიმბოლური ნაკრები შეადგინა. რა გასაკვირია და, რჩეულთა შორის მოხვდა 29 წლის კიტეიშვილიც. სიმბოლური ნაკრები დაკომპლექტდა ფეხბურთელთა მიერ მიღებული შეფასებების საშუალო მაჩვენებლით, ტაქტიკური განლაგება – 3-5-2.

კიტეიშვილმა ავსტრიის მიმდინარე ჩემპიონატში 19 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. ელიას ჰაველთან (“ჰარტბერგი”) ერთად, “კიტე” თანალიდერია ბომბარდირთა დავაში.