ჩრდილოეთ ირლანდია ერთა ლიგის პირველ შეხვედრას 25 სექტემბერს თბილისში საქართველოსთან გამართავს, ხოლო სამი დღის შემდეგ უნგრეთს უმასპინძლებს.
უკვე ვწერდით, რომ უეფა-მ ძალიან საკამათო და, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური გადაწყვეტილება მიიღო – სომხეთთან მომხდარის გამო, საქართველოს ნაკრების თამაში ადგილობრივი გულშემატკივრებისთვის დახურა, სამაგიეროდ, სტუმრებისთვის, რატომღაც, ტრიბუნების ნაწილი გახსნა.
ჩრდილოეთ ირლანდიის გულშემატკივართა კლუბების ასოციაციის (AONISC) თავმჯდომარე, გარი მაკალისტერი, მიესალმა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, მათი ნაკრების ფანებს, თბილისურ მატჩზე ადგილები გამოეყოთ, მაგრამ უკმაყოფილოა, რომ მეტი ბილეთი ვერ მიიღეს.
“როგორც კი ამ პრობლემის შესახებ შევიტყვეთ, მაშინვე გავაფრთხილეთ გულშემატკივრები, რომ ბილეთები არ დაეჯავშნათ. ხოლო მერე მივმართეთ ფეხბურთის ასოციაციას – ვინც უკვე დაჯავშნა ბილეთები, იმ გულშემატკივრებისთვის პირველი კატეგორიის ბილეთებზე წვდომის უფლება რომ მიეცათ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივესალმებით ამ შედეგს და გვიხარია, რომ დაზარალებულთა დახმარება შევძელით, თუმცა გლობალური საკითხია, რომ უეფა-სსანქციები უდანაშაულო გულშემატკივრებს კვლავაც დამნაშავეებთან ერთად სჯის”, – თქვა მაკალისტერმა.
13 თებერვალს დადასტურდა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების პირველი მატჩი ლიგა B2-ში 25 სექტემბერს, დახურულ კარს მიღმა ჩატარდებოდა მას შემდეგ, რაც გასულ წელს სომხეთთან მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დასაჯეს.
ახლა ყველაზე უცნაურზე – უეფა-ს სადისციპლინო რეგულაციები ამ ვითარებაში მატჩზე 200-მდე სტუმარი გულშემატკივრის დასწრების უფლებას იძლევა. 73(ა) მუხლის თანახმად, მატჩს “მაქსიმუმ 200 ადამიანს სტუმრად მყოფი კლუბის ან ასოციაციის პირველი კატეგორიის ბილეთებით” შეუძლია, დაესწროს.
ჩრდილოეთ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ კი დაადასტურა, რომ “უეფა-სთან კონსტრუქციული დიალოგის” შემდეგ, მათ, ვისაც საქართველოში ბილეთები და საცხოვრებელი ჰქონდა დაჯავშნილი, მატჩზე დასწრების უფლება მიეცათ შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.
გულშემატკივრებს, რომლებმაც წინასწარ დაჯავშნეს ბილეთები (სავარაუდოდ, 100-ზე ნაკლები ადამიანია), მატჩისთვის ასოციაციაზე გამოყოფილი პირველი კატეგორიის ბილეთებს მიიღებენ და სტადიონზე შესვლის უფლება ექნებათ.