გიორგი დარასელია: “აქ საქართველოში სტუმრობის არ ეშინიათ”!

ზოგადად, ფეხბურთში დღეს ძალიან რთულად საპოვნელია ისეთი ადამიანი, ისრაელის ნაკრების თაობაზე გიორგი დარასელიაზე მეტი ინფორმაცია რომ ჰქონდეს. ის ძალიან ცნობილი კაცია იქაურ საფეხბურთო წრეებში, ისრაელის არაერთ კლუბში უმუშავია და წარმატებითაც. 

“ლელო” სწორედ ისრაელში დაუკავშირდა ქართველ სპეციალისტს, ვინც ამჟამად ნოფ ჰაგალილის “ჰაპოელში” მუშაობს სპორტული დირექტორის თანამდებობაზე და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა…

ხუთი კაცი მოვდიოდით თბილისში, მაგრამ…

– საქართველოსა და ისრაელის ნაკრებთა თბილისური მატჩი ადრევე დაიგეგმა. ძალიან ბევრ ადამიანს უნდოდა ისრაელიდან საქართველოში ჩამოსვლა და თამაშზე დასწრება. ეს ზუსტად ვიცი.

ახლა, ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო, ეს აღარ გამოვა. ის კი არა, მარტო ჩემი კლუბიდან 5 ადამიანი მოდიოდა საქართველოში. ყველაფერი დაგეგმილი გვქონდა, მეც მათთან ერთად უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ…

ძალიან მინდა საქართველო-ისრაელის მატჩზე დასწრება. ამის შანსი კიდევ რჩება. ისრაელის ნაკრებს შეიძლება გამოვყვე თბილისში. ისინი ჩარტერული რეისით მოემგზავრებიან საქართველოში. მოკლედ, ვნახოთ, რა და როგორ იქნება.

საქართველოში სტუმრობის არ ეშინიათ…

– დღეს ისრაელში ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ, ცხადია, არის გარკვეული სიფრთხილე ყველა სფეროში და, მათ შორის, ეროვნული ნაკრების მიმართაც, მაგრამ საქართველოში სტუმრობის გამო აქ არავითარი შიში არ იგრძნობა.

ისრაელში ფეხის ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა ის, თუ როგორ უყვართ ქართველები. აქედან გამომდინარე, მიიჩნევენ, რომ საქართველლოში მათი სტუმრობა არანაირ პრობლემასთან არ იქნება დაკავშირებული.

ბენ შიმონი შესანიშნავი ადამიანი და კარგი მწვრთნელია

– ისრაელის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, რან ბენ შიმონი შესანიშნავი ადამიანია. თავის დროზე ისრაელის ნაკრების ცენტრალური მცველი გახლდათ, კარგი ფეხბურთელი იყო. ჩემი თაობაა და კარგად ვიცი, რა შეეძლო მინდორზე.

თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მისგან კარგი მწვრთნელი დადგა. ისრაელის საშუალო კლუბი ჩაიბარა და ჩემპიონი გახადა. ეს ყველას როდი შეუძლია. გარდა ამისა, სამწვრთნელო ასპარეზზე საზღვარგარეთაც იმუშავა. იყო კვიპროსში, სადაც ორჯერ სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ლარნაკას აეკ-ს და იყო კვიპროსის ნაკრების მწვრთნელი.

გაკვრით ვთქვი მის ადამიანურ თვისებებზე და კიდევ ერთხელ მივუბრუნდები ამ თემას – დიდებული პიროვნებაა, შესანიშნავი პროფესიონალი და ადამიანი. ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს. ისრაელის ნაკრების მთავარი მწვრთნელობა კი აქ, როგორც საქართველოში, ყველასთვის საოცნებო თანამდებობაა.

ფეხბურთის განვითარების პროგრამა სახლში მიდევს…

– ისრაელში შემუშავდა ფეხბურთის განვითარების პროგრამა. სახლში მიდევს ეს დოკუმენტი, რომელიც ერთგვარი სახელმძღვანელოა მთელი ქვეყნისთვის. ამ პროგრამის მთავარი დანიშნულება და მიზანი არის ის, რომ 2028-30 წლისთვის ისრაელის ნაკრები უნდა გავიდეს რომელიმე დიდ საფეხბურთო ფორუმზე. მთელი ძალისხმევა აქეთკენ არის მიმართული.

ამ პროგრამაში ზუსტადაა გაწერილი, რომ ყველა ასაკობრივმა ნაკრებმა ერთი სქემითა და ტაქტიკით უნდა ითამაშოს. ისეთით, როგორითაც თამაშობს ეროვნული გუნდი. ეს პროგრამა მოიცავს ყველა სეგმენტს, ბავშვთა ფეხბურთიდან და ზემოთ.

რაც შეეხება ისრაელის ნაკრების სათამაშო სქემას, არის ორი მთავარი ტაქტიკური განლაგება – 5-3-2 და 4-3-3. ვნახოთ, რომელს აირჩევს თბილისში ისრაელის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი.

ისრაელის ნაკრებში არაერთი ძალიან კარგი ფეხბურთელია. მათ შორის, გამოვარჩევდი ოსკარ გლუხს “აიაქსიდან” და მანორ სოლომონს, რომელმაც “ტოტენჰემსა” და “ფულჰემში” ითამაშა, იყო “ვილიარეალში”, ახლა კი “ფიორენტინას” ღირსებას იცავს. კიდევ არიან ისრაელის ნაკრებში პერსპექტიული მოთამაშეები.

აქ ყველაფერი გათვლილია…

– მიუხედავად იმ დაძაბული ვითარებისა, რომელიც აქ დღეს არის, ვარჯიშები მიმდინარეობს. სტადიონზე, მთელ მის ტერიტორიაზე 50 კაცის ყოფნაა დაშვებული. ჯერ არის გამაფრთხილებელი სიგნალი, მერე ირთვება სირენა და უნდა ჩახვიდე ბუნკერში. საამისოდ, დაახლოებით წუთნახევარი გაქვს. ისე კი, მანამდეც მოდის შეტყობინება ტელეფონზე.

ახლა ყველა მოუთმენლად ველოდებით იმას, თუ როდის განახლდება ისრაელის ეროვნული ჩემპიონატი. გუნდები ემზადებიან. ასე რომ, ქვეყანაში საფეხბურთო ცხოვრება არ გაჩერებულა… აქ ყველაფერი გათვლილია და არ არსებობს ისეთი დაბრკოლება, რაც ძირფესვიანად შეცვლის ცხოვრების რიტმს.