საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტი მოქმედი ჩემპიონის – ესპანეთის დამარცხებით დაიწყო. დამარცხებაცაა და დამარცხებაც – მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ისე ვძლიეთ, ბოლო პერიოდში ვითარება არ დაძაბულა. საბოლოო ჯამში, რასაც ანგარიშმაც გაუმაგრა ზურგი, საქართველომ ესპანეთი დამაჯერებლად დაამარცხა: ისე, რომ ევრობასკეტის მოქმედ ჩემპიონებს შანსიც არ ჰქონიათ.
ასეთი რამ კი იშვიათად ხდება. საქართველო ევრობასკეტზე პირველად 2011 წელს გავიდა და მას შემდეგ უწყვეტლივ, უკვე მე-6 ტურნირს თამაშობს. კონტინენტის პირველობაზე გამართული თამაშებიდან ერთი ხელის თითებზე არ ჩამოითვლება მატჩები, საქართველომ ბოლო წუთების ნერვიულობის გარეშე რომ მოიგო. დღეს სწორედ ასეთი გამონაკლისის ჯერი გახლდათ და ეს არა ბელგიასთან, უკრაინასთან, ანაც პოლონეთთან, რომლებიც სხვადასხვა ევრობასკეტებზე შესაბამისად 22, 16 და 17 ქულით გვყავს დამარცხებული, არამედ ეპანეთთან, ამ საუკუნეში ყველაზე ტიტულოვან ევროპულ ნაკრებთან მოვახერხეთ.
საქართველომ კარგად დაიწყო და უკეთესად დაამთავრა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა გაუძლო ესპანელების წნეხს პირველი ნახევრის მიწურულს, როცა 10-ქულიანი ლიდერობის შემდეგ პირველად ჩამორჩა. თითქოს ყველაფერი ლოგიკურ კალაპოტში ჩაჯდა – გრანდმა კერკეტ მოწინააღმდეგეს გასაღები მოარგო და ლიდერობა მოიპოვა, თუმცა საქართველომ მძლავრად ჩაამთავრა მეორე პერიოდი, ლიდერობა დაიბრუნა და მესამე, საკვანძო პერიოდში მეტოქე, რბილად რომ ვთქვათ, დაჩაგრა.
ეს იყო კლასიკურად მოგებული მატჩი, როცა ყველაფერი ისე მიგყავს, რომ მეტოქემ ვერაფერი ქნას. ასეთი თამაშის შედეგი უპირობო გამარჯვებაა და ეს საქართველოს ნაკრებმა შეძლო სწორი ტაქტიკითა და გამართული თამაშით. და ეს ყველაფერი იმ უდიდესი წნეხისა და ტვირთის შემდეგ, რაც ჩვენმა ნაკრებმა მოსამზადებელ ციკლში წაგებული 6 მატჩისა და წარუმატებელ თამაშებს მოყოლილი კრიტიკის შემდეგ გამოიარა. რა თქმა უნდა, მოგება კარგია, მაგრამ გამარჯვებას მაშინ აქვს ფასი, როცა შეხვედრა ოფიციალურია.