გიორგი ონიანი: “არ ვარ მომხრე, იყოს ბირთვი და მორჩა, გუნდი მუდმივი კონკურენციის რეჟიმში უნდა ცხოვრობდეს”!

წყალტუბოს “სამგურალის” მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ონიანმა, კლუბის ოფიციალურ გვერდთან თურქული შეკრება შაფასა. იმერულმა კლუბმა სამეზობლოში რამდენიმე საკონტროლო მატჩი გამართა – მოუგო სომხურ “ალაშკერტს” (3:1) და უზბეკურ “ლოკომოტივს” (2:0). ფრედ ითამაშა მოლდოვურ “პეტროკუბთან” (1:1) და ყაზახურ “ულიტაუსთან” (2:2). ერთადერთი მარცხი კი “სამგურალმა” ასევე უზბეკურ “სურხონთან” განიცადა (1:2).

“მოსამზადებელი ეტაპის პირველი ნაწილი საქართველოში გავიარეთ. აქცენტი ძირითადად ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე იყო გადატანილი. რაც შეეხება თურქულ შეკრებას, იქ ძირითადად სათამაშო სიტუაციების დახვეწაზე, თამაშებზე ვმუშაობდით, პარალელურ რეჟიმში კი – ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზე. 

მთლიანობაში საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო შეკრება გამოგვივიდა, თუნდაც – თამაშებიდან გამომდინარე. პირველ მატჩებში გვაკლდა ინტენსივობა და სისწრაფეები. შემდეგი თამაშები უფრო ინტენსიური იყო. ლამაზი გოლებიც გავიტანეთ… 

ვფიქრობ, ფეხბურთელებმა თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს. მიახლოებითი მონახაზები უკვე გვაქვს. ჩემპიონატის დაწყებამდე დარჩენილ დროში ამ ყველაფერს უფრო დაწვრილებით გავაანალიზებთ. არ ვარ მომხრე, იყოს ბირთვი და მორჩა. გუნდი მუდმივი კონკურენციის რეჟიმში უნდა ცხოვრობდეს, ის ცოცხალი ორგანიზმია.

გაძლიერებას რაც შეეხება, წყალტუბოში შემოგვიერთდება ერთი ცენტრალური მცველი. გვინდოდა, ის თურქეთშიც ყოფილიყო ჩვენთან ერთად, მაგრამ სავიზო პრობლემებმა შეაფერხა… 

განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ ახალგაზრდა ფეხბურთელების თამაშებითა და ვარჯიშებით. თავადაც ნახეთ, ჩხეტიანმა სამი გოლი გაიტანა. გოგიაც საკმაოდ საინტერესო ბიჭია, იაშვილი გონიერია… ახალგაზრდებს, როგორც წესი, უჭირთ სტაბილურობა. ჩვენ უნდა მივეხმაროთ ამაში. ჩვენი სტრატეგიაც ესაა, რომ რაც შეიძლება, მეტი ახალგაზრდა გვყავდეს. შანსი ყველას მიეცემა. მთავარია, ეს შანსი გამოიყენონ. 

24 თებერვლიდან წყალტუბოში გავაგრძელებთ მზადებას. გვინდოდა ერთი ამხანაგურის ჩატარება, მაგრამ არ მოხერხდა. პატარკაციშვილს საკმაო ხანი გაუცდება, გოგოლაშვილი ათ დღეში დაბრუნდება…

კარგია, რომ ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ყველა ქართულმა კლუბმა მოახერხა უცხოურ შეკრებაზე წასვლა. ეს კარგია ჩემპიონატის ტემპისთვის, დაძაბულობისა და ხარისხისთვის. ევროთასებზე გავლენ ჩვენი კლუბები და ეს შეკრება მათთვის ამიტომაც არის მნიშვნელოვანი. 

“გაგრა” ვერ იქნება ჩემთვის რიგითი ქართული კლუბი. ორწელიწადნახევარი, ანუ სამი სხვადასხვა სეზონი მომიწია ამ გუნდის თავკაცობა. ბევრი სასიამოვნო და რთული პერიოდი გამოვიარეთ. მარტო პირველ ტურში არა, ყოველთვის განსაკუთრებული თამაში იქნება ჩემთვის. ძალიან ბევრი შრომა, ემოცია და ნერვები ჩავდეთ იმაში, რომ კლუბი სტაბილურად ყოფილიყო უმაღლეს ლიგაში. ყოველი შემდეგი სეზონი არის ახალი თავი კლუბის ისტორიაში… 

არ აქვს მნიშვნელობა, ასი კაცი მოვა თუ ხუთასი ჩვენს საქომაგოდ. ჩემი ნომერი პირველი ამოცანა არის, რომ გულშემატკივარი კმაყოფილი წავიდეს შინ. ჩემი საფეხბურთო ხედვა და ფილოსოფია რომ გადავიდეს მინდორზე, ეს ერთ დღეში ვერ მოხერხდება. დროა საჭირო, რომ ფეხბურთელებმა ყველაფერი ბოლომდე გაიგონ, მოხდეს შერწყმა… 

ალბათ, ზაფხულის მერე უფრო გაიგებს გულშემატკივარი, რა დამახასიათებელი თვისებებით იქნება გამორჩეული წყალტუბოს “სამგურალი” გიორგი ონიანის ხელმძღვანელობით”, – თქვა “სამგურალის” მთავარმა მწვრთნელმა.